LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვენეტაძე: კრიპტოვალუტის ფლობა ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული

54

კრიპტოვალუტის ფასი ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დადგეს მისი ფლობით ან ოპერაციებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, ცენტრალური ბანკები საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან ასეთ შუამავლებს.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, მასში ნათლად იყო აღნიშნული, რომ ეს არის ის ფინანსური აქტივი, რომლის ფლობა და ოპერაციებიც, საგრძნობ ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული და ზუსტად იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა, გავაკეთეთ ეს განცხადება. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ეს ჰქონდეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ მისი ფასი ძალიან მერყევია და ნებისმიერი შედეგი შეიძლება დადგეს კრიპტოვალუტის ფლობით ან მისი ოპერაციებით. გარდა ამისა, ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაში მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ ეს არაა ოფიციალური გადახდის საშუალება საქართველოში და ესეც უნდა იყოს ცნობილი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით. ზოგადად ტექნოლოგიების განვითარება დროთა განმავლობაში ყოველთვის ახდენს გავლენას ფინანსურ შუამავლებზე. ტექნოლოგიურმა განვითარებამ და წინსვლამ შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს იმაში, თუ რა სახით მოხდება ფინანსური სერვისის მიწოდება. კონკრეტულად თუ რა სახე ექნება ამას, ეს რთული სათქმელია. ცენტრალური ბანკები დიდი სიფრთხილით უდგებიან ამ საკითხებს, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად აისახება ფინანსური სერვისების მიწოდების ფორმებზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები