LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა დიდუბიდან ნატახტარამდე: ”კოკა-კოლა” ფართოვდება

182

ჩვენ მოვახდენთ ტექნოლოგიურ სასწაულს – ”კოკა-კოლას” ახალი ქარხანა იქნება სრულიად ინოვაციური, სადაც უმაღლესი ხარისხის საწარმოო ხაზები დამონტაჟდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში „კოკა-კოლას“ გაფართოვების პროცესი სათავო ოფისთან შეთანხმებულია – უკვე არსებული საწარმო, რომელიც 90-იანი წლებიდან დიდუბეში მდებარეობს, ნატახტარში გადავა.

”გადასვლის პროცესი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველი არის ის, რომ ამ ქარხანაში წარმოებული პროდუქცია რაოდენობრივად უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას. ამ ეტაპზე წლიური წარმადობა 100 მილიონი ბოთლია და ნატახტარში გადასვლის შემდეგ ეს რაოდენობა 40%-ით გაიზრდება. ამასთან, იგეგმება ექსპორტის 15%-იან ზრდა”, – აღნიშნა ჭყონიამ და განმარტა, რომ საქართველოდან კოკა-კოლას სხვადასხვა პროდუქციით უნდა მომარაგდეს მთლიანად კავკასიის რეგიონი.

რაც შეეხება ახალი საწარმოს მშენებლობას, აქ 10 მილიონი ევროს ინვესტიცია იგეგმება. საწარმოს პროექტზე ფრანგული კომპანია მუშაობს. პროექტის შედგენის შემდეგ თემურ ჭყონია მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს, შერჩეულმა სამშენებლო კომპანიამ კი ნატახტარის საწარმო 7 თვეში უნდა ააშენოს.

როგორც ქართველი ბიზნესმენი აცხადებს, დიდუბიდან ნატახტარში გადასვლის პროცესი 2018 წელს დასრულდება. ახალ საწარმოში ”კოკა-კოლას” პროდუქციასთან ერთად, თემურ ჭყონია ენერგეტიკული სასმელის Monster-ის წარმოებას დაიწყებს და კავკასიაში აღნიშნული პროდუქტის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები