LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰაიდელბერგცემენტის” ქართული აქტივების 50% გაიყიდა

136

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა  და “ჰანიველ პარტნერსმა” ერთობლივად “ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის” საქართველოში მოქმედი ბიზნესის საკონტროლო წილის 50% შეიძინეს.

“ჰაიდელბერგცემენტის” ქართული აქტივები მოიცავს 3 ცემენტის ინტეგრირებულ ქარხანას, 13 ბეტონის, 2 ინერტული მასალების აგრეგატის, 1 ცემენტის ტერმინალისა და 1 ცემენტის საფქვავ ქარხანას.

თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდება კასპის ქარხნის ტექნოლოგიური  მოდერნიზაციის პროექტი, ასევე დაგეგმილია ბეტონის წარმოების გაფართოება და 2 ახალი აგრეგატის ქარხნის მშენებლობა,  რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საგრძნობლად გაიზრდება ქართული წარმოების ცემენტის კონკურენტუნარიანობა, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქართული სამშენებლო ბაზრის განვითარებას, რაც მნიშნველოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

 “ეს პარტნიორობა ერთერთი საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების  ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და ვუსურვო წარმატებები. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსინდუსტრიული პოტენციალის ამაღლებისთვის” – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

აღნიშნული საინვესტიციო გეგმის განხორციელება გამიზნულია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორები პროპორციულად  დააფინანსებენ.

შეგახსენებთ რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი პირდაპირი ინვესტიციების ფონდია, რომელიც ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში ინვესტირებისათვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. ფონდის საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონების, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სექტორებს. ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. რაც შეეხება “ჰანიველ პარტნერს”, ის კერძო კაპიტალისა და აქტივების მართვის საერთაშორისო კომპანიაა. საქართველოში “ჰანიველი” ფლობს წილს რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, მათ შორის: “ლიბერთი ბანკში”, “მაგთიკომიში”, “ბორჯომში”, ტელეკომპანია “იმედში”, ასევე რუსთავის მეტალურგიულ ქარხნაში.