LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰალშტატი – ჯადოსნური ზღაპარი ავსტრიის ალპებში

4372

ალპური ქალაქები ყოველთვის არაჩვეულებრივი პეიზაჟებით გამოირჩევა, გამონაკლისი არც ჰალშტატია, რომელიც შუასაუკუნეების ზღაპრულ სამყაროს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ავსტრიულ ქალაქს.

ზოგადი ინფორმაცია -ჰალშტატით განსაკუთრებით ევროპული კულტურის და ისტორიის მოყვარულები მოიხიბლებიან, რადგან არაჩვეულებრივი ბუნების გარდა პატარა ალპური დასახლება, რომელიც ავსტრიის სავიზიტო ბარათად ითვლება და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, უნიკალური ღირსშესანიშნაობებითაა მდიდარი, სტუმართმოყვარე მასპინძლები კი (რომელთა რიცხვი მხოლოდ 700 მოსახლეს შეადგენს), დიდ პატივს სცემენ საკუთარ კულტურას და საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებენ ტრადიციებს.

ზალცკამერგუტის რეგიონში, ზალცბურგიდან 80 კილომეტრში, პრაქტიკულად ავსტრიის ცენტრში მოთავსებულ მინიატურულ და საოცრად ფოტოგენურ ჰალშტატს ცენტრალური მოედანი თავისი რატუშით, პატარა კაფეებით და საცხობებით, რამდენიმე ქუჩა პატარა სახლებით, სუვენირების მაღაზიებით და საავტომობილი გზა აქვს, რომელიც მთელ სიგრძეზე მიუყვება ტბას. მართალია, ქალაქში სულ რამდენიმე რესტორანია, მაგრამ თუ დრო გექნებათ აუცილებლად ესტუმრეთ ცნობილ Gasthof Zauner-ს და დააგემოვნეთ ადგილობრივი თევზით მომზადებული კერძები.

მთავარი ღირსშესანიშნაობები – ჰალშტატმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი მარილის საბადოებით, რადგან სწორედ აქაა ევროპის უძველესი მაღაროები, რომელთაც თითქმის 3 000 წელია ამუშავებენ. პიონერობა მარილის მოპოვებაში კელტებს ეკუთვნით, რომელთა ნასახლარი არქეოლოგებმა ტბასთან აღმოაჩინეს, მე-16 საუკუნეში კი, ადგილობრივები მარილს წყალში ხსნიდნენ და 40-კილომეტრიანი მილით გადაჰქონდათ ქალაქ ებენზეში. სხვათაშორის, ჰალშტატის საუკეთესო სუვენირებად სწორედ ორიგინალურად შეფუთული მარილი და საპონი ითვლება რომელთაც ზოგჯერ ყველის, კიტრის ან გერმანული ძეხვის ფორმა აქვთ.

თუ არაჩვეულებრივი ალპიური ხედებით დატკბობა გსურთ, 2 100 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ სათვალიერებელ მოედანზე შეგიძლიათ ახვიდეთ, რომელიც ალპების საუკეთესო პანურამულ მოედნად ითვლება.

ფუნიკულორის გზაზეა არაჩვეულებრივი მამონტის და ყინულის გიგანტური გამოქვაბულები. სხვათაშორის, 70-კილომეტრიანი მამონტის გამოქვაბული ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოს გამოქვაბულებს შორის.

განსაკუთრებით სასიამოვნოა ტბაზე სეირნობა ელექტროძრავიანი ნავით, რათა თავად დარწმუნდეთ რამდენად უფრთხილდებიან ავსტრიელები ეკოლოგიას, რომელთაც წლების წინ აკრძალეს შიდა წვის ძრავიანი ტრანსპორტით გადაადგილება.

შნაპსი – ზალცკამერგუტის რეგიონი შნაპსის (ალკოჰოლური სასმელი, რომელიც სულ მცირე 40% სპირტს შეიცავს) წარმოების მრავალსაუკოვანი ტრადიციებითაა ცნობილი. აქ სასმელი მხოლოდ ნატურალური პროდუქტით მზადდება, ამიტომ აუცილებლად შეიძინეთ შნაპსი მსხლის, ატმის ან სხვა ხილის სასიამოვნო არომატით.

საუკეთესო შვებულება – თუ მშვიდ გარემოში გსურთ დასვენება, უმჯობესია ჰალშტატი გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ნოემბრის ბოლოს მოინახულოთ, ულამაზესი ფოტოების გადაღებას კი, ზამთარში შეძლებთ, როცა უძველესი ქალაქი ერთიანად თოვლში იძირება, რადგან ზაფხულში და განსაკუთრებით უქმეებზე ქალაქი სავსეა ტურისტებით.

მარშრუტი – ავსტრიაში ძალიან კომფორტულია ავტომობილით მოგზაურობა, რათა ყველა რეგიონი მოინახულოთ და ყველა პატარა ქალაქში შეიაროთ, მათ კი, ვისაც ავტომობილის მართვა მომქანცველად ეჩვენება, ზალცბურგიდან მატარებლით შეუძლიათ ჰალშტატისკენ გამგზავრება.

 

სასტუმრო – მინიატურულ ქალაქში სულ რამდენიმე სასტუმროა, ამიტომ ნომერი, რომელიც საშუალოდ 150 ევრო ღირს რამდენიმე თვით ადრე უნდა დაჯავშვოთ, თუმცა, საკმაოდ კარგი ალტერნატივაა მეზობელი ობერტრაუნის კომფორტული სასტუმროები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები