LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hilton-ის წარმომადგენელი: თბილისში ეკონომიკის ბუმია

46

თბილისში ეკონომიკის ბუმია, განვითარებულია ტურიზმი, ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. ჩვენ ვაპირებთ მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში, – ამის შესახებ მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, Hilton-ის წარმომადგენელმა ტიმ ეტტელტიმ ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ტიმ ეტტელტის თქმით, თბილისში ეკონომიკის პოზიტიური დინამიკაა და ნებისმიერი ვიზიტორისთვის თბილისი შესანიშნავი ადგილია.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს „გრანატ-ინვესტმენტიდან”. ბედნიერები ვართ, რომ თბილისში გვექნება ასეთი შესანიშნავი სასტუმრო. Hilton-ი ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია; ჩვენ ვმართავთ 6000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყოველ დღე ვხსნიდით ერთ ახალ სასტუმროს სხვადასხვა ქალაქში და ვამაყობთ, რომ შემოვდივართ თბილისშიც. Hilton-ი იქნება ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი, რომელიც ჩამოიყვანს უამრავ უცხოელ ვიზიტორს თქვენს დედაქალაქში,“- აღნიშნა ტიმ ეტტელტიმ.

ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა პიერო ლისსონიმ კი, რომელიც სასტუმროს ვიზუალურ მხარეზე მუშაობს, თბილისს განსაკუთრებული ქალაქი უწოდა. „ძალიან ამაყი ვარ, რომ თბილისში ვმუშაობ. ეს განსაკუთრებული ქალაქია – ისტორიული და ამავდროულად, თანამედროვე, ამიტომ მსურს, აქ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთო,“- განაცხადა პიერო ლისსონიმ.

როგორც სასტუმროს მშენებლობის დაწყებისას გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, Hilton-ის პროექტი კულტურული ძეგლის, შენობის წინა ფასადის იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, რისთვისაც საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი“ 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ამ დროისათვის, პროექტის თანახმად, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები