LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერაქტიური ფრენდების სინდრომი – რატომ ასაჯაროებენ  fb-ზე ყველაფერს

ჰიპერაქტიური „ფრენდები“ –  სოციალურ ქსელში ყველა თქვენგანს ეყოლება ერთი ან რამდენიმე ისეთი მეგობარი, რომლის საშუალებითაც არც კონცერტზე,  არც მატჩზე წასვლა სავალდებულო არ არის, ისინი დასწრების ეფექტს  ფეისბუქსტატუსებით შეგიქმნიან.

ფეისბუქმეგობრების აქტივობა კატეგორიების მიხედვით შეიძლება დაიყოს:

  • მეგობრები, რომლებიც მუდმივად ბავშვების ფოტოებს აზიარებენ და პატარას ყველა აქტივობაზე წერენ;
  • გურმანი მეგობრები, რომლებიც არცერთ სადილს ვახშამს და ლანჩს არ დატოვებენ საიდუმლოდ, თქვენ შეგიძლიათ მისი მენიუ ფოტოების სახითაც იხილოთ;
  • მეგობრები ჰეშთეგებით – მაგალითად, მეგობარი მიირთმევს  ბერძნულ სალათს… #ფეტაყველი #მწვანესალათი #ზეთისხილი #წითელიპომიდორი #ჯანსაღი  #საბერძნეთი… და ასე, დაუსრულებლად.
  • მეგობრები “ჩექინებით“ – თქვენ ონლაინრეჟიმში იცით, რომელ ქუჩაზე, რომელ კაფეში, აფთიაქსა თუ სუპერმარკეტში იმყოფება თქვენი მეგობარი.  თუ იჩქარებთ,  შემდეგ ჩექინამდე შეგიძლიათ, მიუსწროთ  და ინახულოთ კიდეც.
  • ყველაფერზე  „მოსტატუსე ფრენდები“  –  წერენ სტატუსს ყველაფერზე, მაცივარში კვერცხის მარაგის ამოწურვაზე, ძველ მაისურზე , ზოგადსაკაცობრიო და შედარებით მცირე მასშტაბის მოვლენებზე.
  • ქვეკატეგორიებად შეიძლება დაიყოს ავტომოყვარული, კულინარი და შეყვარებული „ფრენდები“.

„ინტერაქცია აქვს,  მეგობრები მიკომენტარებენ,  სახალისოა უბრალოდ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ქართულ სოციალურ ქსელში პოპულარული სტატუსების ერთ-ერთი ავტორი.

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჰიპერაქტიურად წერენ სტატუსებს. იუმორით გაჯერებული სტატუსები ძალიან მახალისებს,  თუმცა რომელიმე ფილმის ონლაინ მოყოლა ან ყველა პოლიტიკური მოვლენის აგრესიული სტატუსით გამოხმაურება გამაღიზიანებელია და ვაჰაიდებ ასეთ მეგობრებს,“ –  ამბობს ქეთი ნატროშვილი.

ადამიანის პიროვნების ამოცნობაში სოციალური ქსელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თემები, რომელზეც კონკრეტული ადამიანი წერს, მისი აქტივობა და ინტერესები სოციალური ქსელის პირადი გვერდის მეშვეობით მარტივად შეიძლება, ამოვიცნოთ.

რატომ უჩნდება ადამიანს სურვილი, თავისი ყველა ნააზრევი სოციალურ ქსელში საჯარო გახადოს?! 

ფსიქოლოგი ნუცა საღარაძე „ფორტუნასთან“ იმ ქვეცნობიერ მიზეზებზე საუბრობს , რაც სოციალურ ქსელში ადამიანის ჰიპერაქტიურობას იწვევს.

“ადამიანების ჰიპერაქტიურობა სოციალურ ქსელში ერთ რომელიმე კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება. ასეთები თანაბრად შეიძლება. იყვნენ რეალიზებული, ნაკლებად რეალიზებული , დაოჯახებული ან დაუოჯახებელი ადამიანები. მიზეზებიც რამდენიმე ტიპად იყოფა,“ – ამბობს ნუცა საღარაძე.

როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, სოციალურ ქსელში პიროვნების აქტივობას შემდეგი მიზეზები განაპირობებს:

  • თვითპრეზენტაცია – როცა ადამიანს სურს, გარშემომყოფებზე სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოს. მაგალითად, არის კონკრეტულ კონცერტზე, პოპულარულ კაფეშია ან რომელიმე გახმაურებულ ფილმს უყურებს.
  • სოციალურად სასურველი – როცა ადამიანი ცდილობს, ჰყავდეს ბევრი გამომწერი, ბევრმა გააზიაროს, ბევრმა ისაუბროს მასზე და იყოს მუდმივად ყურადღებიც ცენტრში.
  • თვითშეფასების ამაღლება  – ადამიანის შინაგანი კომპლექსი,  როცა ცდილობს, გამოჩნდეს, მაგალითად, უკეთესი ნაკითხი, მუდმივად აზიარებს ამონარიდებს, ციტატებს წიგნებიდან. გამოჩნდეს, უფრო ლამაზი – იგრძელებს სხეულის კიდურებს,  აქვეყნებს  სტუდიურ ფოტოებს, სადაც რეალობისგან განსხვავებულად გამოიყურება.
  • აღიარება-მოწონება  –  როცა ადამიანებს ერთგვარი აზარტი იპყრობთ, გამოხმაურების მაღალი მაჩვენებლის შემდეგ კიდევ დაწერონ სტატუსი,  კიდევ დადონ ფოტო და ა.შ. აზარტს სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებამდეც მივყავართ. 
  • კონტროლი ირეალურ სამყაროზე – სოციალურ ქსელში ალტერნატიული რეალობის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, ისე შეფუთონ და  წარუდგინონ საზოგადოებას თავი, როგორც სურთ, კონფლიქტურ სიტუაციებში აფიქრებინონ სხვას,  რომ თავს კარგად გრძნობენ. პირად ურთიერთობებში პრობლემების დროს აჩვენონ საზოგადოებას, რა აჩუქა პარტნიორმა, სად არიან დასასვენებლად და როგორ უყვართ ერთმანეთი.
  • სოციალური შედარების ეფექტი  – ადამიანი მუდმივად ცდილობს, სხვაზე უკეთ გამოიყურებოდეს, სხვაზე უკეთესად ცხოვრობდეს. თუ სასურველ მიზანს ვერ აღწევს,  ხშირად ასეთ შედარებას დეპრესიამდეც მიჰყავს ადამიანი.

და ბოლოს, ზემოთჩამოთვლილი ქვეცნობიერი მიზეზების გარდა, სოციალურ ქსელში ზედმეტი აქტივობის მიზეზი მარტივად უსაქმურობაც შეიძლება,  იყოს.  როცა ადამიანი აქვს ბევრი თავისუფალი დრო, ან არ არის დასაქმებული. ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელზე არიან დამოკიდებული, ფსიქოლოგები ცხოვრების  რეალური ურთიერთობებით დატვირთვას და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ურჩევენ . მათ კი, ვისაც სოციალურ ქსელში მეგობრების ჰიპერაქტიურობა გაწუხებთ, მარტივად შეგიძლიათ,  „დააჰაიდოთ“.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები