H&M-ის არაოფიციალური გახსნის ყველა დეტალი (ფოტოები)

665

წითელი ხალიჩა, უამრავი ფოტოგრაფი და ფოტოაპარატის გაჩხაკუნება, კამერები, ყურადღების ცენტრში მოქცეული პოპულარული სახეები,  სპეციალურად დამონტაჟებული განათება, კარგი მუსიკა, ალკოჰოლური სასმელი, სელფის დიდი რაოდენობა, „ფეისბუქ“-ლაივები… ყველაფერი ეს თან ახლდა შვედური კომპანიის H&M-ის პირველი მაღაზიის არაოფიციალურ გახსნას თბილისში, „გალერია თბილისის“ შენობაში, სადაც ის სამ სართულზე განლაგდა, ქალის, მამაკაცისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სამოსით, ფეხსაცმლით, აქსესუარებითა და სხვადასხვა საინტერესო ნივთით. 16 ნოემბერს ბრენდის უცხოელმა წარმომადგენლებმა მედიისა და ცნობილი სახეების მიწვევა გადაწყვიტეს, თავად მაღაზია კი ოფიციალურად 18 ნოემბერს გაიხსნება, სადაც მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სანამ მაღაზიას დავათვალიერებდით და შოპინგის საშუალება მოგვეცემოდა, მანამდე მოწვეულ სტუმრებს შორის ბრენდის მოყვარულები აღმოვაჩინეთ და მათთან კომენტარები ჩავწერეთ. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი სახეების უმრავლესობა „ჰ და მ“-ს, როგორც ქართულად დაარქვეს, თაყვანისმცემლები არიან.

ლელა წურწუმია:

ძალიან მომწონს ეს ბრენდი. ვიცი, რომ მათ აქვთ კოლაბორაცია ბევრ ცნობილ დიზაინერთან და ჩემს გარდერობშიც არსებობს. სხვათა შორის, საკმაოდ დიდი ხნის წინ ვიყიდე აშშ-ში და დღემდე კარგი ფორმით შენარჩუნდა. ყოველდღიურად კარგია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი შვილისა და მამულიჩასთვისაც. ხელმისაწვდომია, ხარისხიანია და მიხარია, რომ ეს ბრენდი შემოვიდა ჩვენთან საქართველოში.

ხატია შამუგია:

არ მეგულება ადამიანი მსოფლიოში, ვინც „ეიჩ ენდ ემის“ მომხმარებელი არ არის. მეც, მათ შორის. იცი, როგორი შეგრძნება მაქვს? ვიგრძენი, რომ ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობ. იცით, რომ ეს ბრენდი ყველა ევროპულ ქვეყანაშია. აქაც, თბილისში, პროტოკოლის სრული დაცვითაა წარმოდგენილი, სამ სართულზეა განლაგებული. კარგი გახსნაა. მიხარია, რომ ჩემმა ქვეყანამ შეიგრძნო კიდევ ერთი კარგი ბრენდის შემოსვლა. დარწმუნებული ვარ, „ეიჩ ენდ ემს“ სხვა ცნობილი ბრენდებიც მოჰყვება, მათ შორის „Cos“, „& The Other Stories“.

დარწმუნებული ვარ, ფასის პოლიტიკა შენარჩუნებული იქნება. ლარის მიმართება ევროსთან ეს არა „ეიჩ ენდ ემის“, არამედ ჩვენი ქვეყნის პრობლემაა (იღიმის). ფასის კუთხით ყველაზე კრეატიული ჯგუფია. ძალიან მომწონს, წელიწადში ერთხელ ცნობილ დიზაინერებთან მათი კოლაბორაცია. მახსოვს, საოცრად აშუქებდა პრესა, როცა „მარჯიელასთან“ მათი თანამშრომლობა შედგა და ხალხი ამ ლიმიტირებული კოლექციის შესაძენად პარიზში რიგებში იდგა. ჩვენც ვეზიარებით ამ სიახლეებს და გავხდებით იმ მსოფლიოს ნაწილი, სადაც „ეიჩ ენდ ემია“ წარმოდგენილი.

გაცვია დღეს ამ ბრენდის სამოსი?

რა თქმა უნდა, მაისური, რომელიც მაცვია, სწორედ „ეიჩ ენდ ემია“. სპეციალურად ჩავიცვი დღევანდელი დღისთვის. ჩემს გარდერობში ბევრი რამ მაქვს. ამ ბრენდს მსოფლიო ვარსკვლავები ხშირად ურევენ „ეიჩ ენდ ემს“, რაც დახვეწილი არჩევანია.

თაკო ჩხეიძე:

ყველას სადღესასწაულო განწყობა გვაქვს, შეგრძნება მაქვს, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ. იმედი მაქვს, მას სხვა ცნობილი ბრენდებიც მოჰყვება.

თიკა ჯამბურია:

ძალიან დიდი ხანია, ველოდები ამ ბრენდის საქართველოში შემოსვლას. ეს ამბავი მიხარია. ამ მაღაზიის პირდაპირ ვცხოვრობ, ნებისმიერ დროს გადმოვალ და შევიძენ სასურველ ნივთებს. მომწონს ფასები, აქაც ნორმალური ფასებია, ყველასთვის მისაღები ტანსაცმელი აქვთ, ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული. „კენზოსა“ და „ეიჩ ენდ ემის“ ერთობლივი სამოსი მაქვს, გარდა ამ ბრენდის ჩვეულებრივი სამოსისა.

გვანცა დარასელია:

ეს ბრენდი ძალიან მიყვარს, რადგან არის კომფორტული. მიხარია მათი საქართველოში შემოსვლა და გაიხსნა ოფიციალური წარმომადგენლობა, სრული ასორტიმენტი აქვთ სამ სართულზე განლაგებული, მათ შორის, ბავშვების სამოსიც, რაც, როგორც ორი შვილის დედას, ძალიან მომწონს (იღიმის). ბევრი პრაქტიკული ნივთის შეძენა შეიძლება.

ძალიან იშვიათია, რომ გახსნის ღონისძიება იყოს ასეთი კარგი. მშვენიერი სიტუაციაა, იმ რიგის მიუხედავად, რაც გამოვიარეთ. ვულოცავ ყველას, ვინც ამ ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული.

ნუცა ბუზალაძე:

ახლა მაცვია სწორედ ამ ბრენდის სამოსი. ძალიან დიდი ბედნიერებაა და დიდი კომფორტი, რომ მათი მაღაზია თბილისში გაიხსნა. ყოველდღიური სამოსია, რომელსაც კარგად ხმარობ. ვუსურვებ წარმატებებს. იმედი მაქვს, რომ საქართველოში კარგად იმუშავებს, რადგან ბევრი ადამიანი ელოდებოდა.

თიკო სადუნიშვილი:

ძალიან მომწონს, აბა, არ მომწონს? იაფი და პრაქტიკულია. იმედი მაქვს, ქართველ დიზაინერთან კოლაბორაციაც იქნება. ვიცი, რომ დემნა გვასალიასთან ჰქონდათ მოლაპარაკებები.

„ეიჩ ენდ ემი“ უკვე ტრენდში მყოფი წლის დიზაინერების ნამუშევრების კარგი ვერსიაა. იაფად შეგიძლია შეიძინო ტრენდული სამოსი, ის, რაც მოდის კვირეულზე დავინახეთ და ღირდა ძალიან ძვირი (იღიმის). ვფიქრობ, ფასდაკლებებზე ძალიან გავერთობით. ასეთი ბრენდები ფასდაკლებებზე უფრო „ასწორებს“ (იღიმის). ზოგადად, მგონია, რომ აქ მაინც ცოტა ძვირია…

შოპინგის პარალელურად, დამსწრე საზოგადოების გართობაზე ზრუნავდნენ ჯგუფები „New One“ და „Svansikh“, ასე რომ, წვეულებას მუსიკა და შამპანური ნამდვილად არ დაჰკლებია. სტუმრებმა საღამოთი ისიამოვნეს და საჩუქრებითა და ახლად შეძენილი ნივთებით ხელდამშვენებულებმა დატოვეს მაღაზია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები