LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H&M-ის მაღაზია თბილისში ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება

172

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი” გახსნისთვის ემზადება. ამ ეტაპზე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრის გახსნა კი ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ ”ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა, „გალერია თბილისის” გახსნის დღესვე მაღაზიების უდიდესი ნაწილიც გაიხსნება.

”სავაჭრო ობიექტების დაახლოებით 80% ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს ფუნქციონირებას, დანარჩენები კი ეტაპობრივად შემოგვემატება. ოქტომბერშივე გაიხსნება H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში”, – აღნიშნა ნიკა ცინცაძემ.

მისივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველად ეწვევიან საქართველოს. ახალი კონცეფციით ბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.

შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის, მაღაზიის ინტერიერის, პროდუქციის და სერვისის კუთხით.

„სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს“, – აცხადებენ “გალერეა თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

”გალერია თბილისი” იქნება პირველი სავაჭრო ცენტრი საქართველოში, რომელშიც განთავსდება სრულად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი ღია ტერასით.

რაც შეეხება უშუალოდ H&M-ის მაღაზიას, როგორც მიმდინარე წლის ივლისში H&M-ის რეგიონალურმა მენეჯერმა ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში, კლაუდია ოსვალდიმ განაცხადა, ის სამ სართულზე განთავსდება. სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს ტრენდულ სამოსს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, თავად ”გალერია თბილისის” საერთო ფართი 55, 000 მ²-ს შეადგენს. სავაჭრო ცენტრი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები