LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა ტელეეთერს უბრუნდება – „ვანო ჯავახიშვილს ნერვებს ვუშლი, სულ ვჩხუბობთ…“

691

4 მაისს, 23:30 სთ-ზე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა ია ფარულავასა ახალი შოუ „ფარული კონვერტი“. მსახიობი და ტელესახე თავისი ცნობილი სტუმრებისგან საინტერესო საიდუმლოებების გაგებას შეეცდება და მათ ამისთვის ფულსაც გადაუხდის. ია ამ გადაცემის წამყვანად ვანო ჯავახიშვილმა მიიწვია.

Fortuna.ge გადაცემის წამყვანს მაშინ ესტუმრა, როდესაც ის მორიგ სტუმართან, ილო ბეროშვილთან ინტერვიუსთვის ემზადებოდა. სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, იას ტელეფონმა დარეკა – „ის, ვისი ზარიც ახლა მინდა, ჰაერშია, ამიტომ არ ვუპასუხებ“, გვითხრა ღიმილით მსახიობმა.

ია ფარულავა:

„ფარული კონვერტი ია ფარულავასთან ერთად“ ეთერში გავა 4 მაისს, „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ. ეს არის უცხოური პროექტის ანალოგი. ჩვენ ვყიდულობთ ცნობილი ადამიანების საიდუმლოებებს. თითოეულ სტუმარს უკავშირდება ხუთი სხვადასხვა თემა მისი ცხოვრებიდან, რომლებიც ჩვენ გამოვიძიეთ და დავადგინეთ. სტუმარს ამ ხუთი თემიდან არჩევას გვთავაზობთ და თუ სწორად გაგვცემს პასუხს, იგებს 300 ლარს. შემდეგ შემოდის ფარული კონვერტი და ეს ხდება გადაცემის კულმინაციის დროს, კონვერტში წერია სტუმრის ყველაზე დიდი საიდუმლო, შეუძლია გაამხილოს და შეუძლია, ჩვენი და მაყურებლის თანდასწრებით დაწვას.

ანუ თქვენ უკან ნამდვილი გამომძიებლები დგანან?

ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთ და ვიცით, უბრალოდ, ეს არის შოუ და არა საგამომძიებლო ორგანო, გესტაპო. არ ვაპირებ, ადამიანების სულში ხელები ვაფათურო. არაფერია დამალული დედამიწის ზურგზე, განსაკუთრებით თბილისში, პატარა, კუკუნა ქალაქში. ასე რომ, სულში ხელს არავის ვუფათურებ, მაგრამ მე მჭირდება შოუ. მთელი რიგი სტუმრებისა ელოდება პირველ გადაცემას, აინტერესებთ, რა იქნება, ეშინიათ, რომ თუკი ია ფარულავასთან მივლენ, ია საშინელებას ეტყვის. გასაგებია, რომ ია არის ძალიან პირდაპირი და ენამწარე, მაგრამ ხომ არ ვარ ბოროტი სულის ადამიანი, რომ მაინცდამაინც ვიძალადო სტუმარზე და ამით რეიტინგი დავიწერო.

რამდენად არის დოსკომფორტი თქვენთვის ამ გადაცემის წაყვანა, არის თუ არა უხერხულობები?

მ,ე მეგონა, იმაზე მეკითხებოდი, ფიზიკურად რამდენად დიდ დისკომფორტს განვიცდი, თუ ვიღლები (იცინის). თუ ამაზე ვისაუბრებთ, დღეს, სანამ აქ მოვიდოდი, ოთხი ობიექტი მაქვს გამოცვლილი – მე ხომ მაინც ქალი-სილამაზე და ქალი-ახალგაზრდობა და თავის მოვლა ვარ. რა ვქნა, ერთ ობიექტში არ არის ყველაფერი ერთად. ჩემი ძმა, კოკა, ქრისტინეს მამა, ჰოლივუდში მუშაობს, ლიმუზინების კომპანია აქვს და ვარსკვლავებს ემსახურებიან. ახლა კოკა აქ არის და მაშაყირებდა, ვარსკვლავთან ხუთი სხვადასხვა ადამიანი მოდის, სხვადასხვა დანიშნულებისო, რანაირი ვარსკვლავი ხარ, რომ აქეთ-იქით დადიხარ სალონებშიო. სათანადოდ არ ვაფასებ ჩემს თავს, მაგრამ ეს გამოსწორდება. მოკლედ, ეს არის ფიზიკური დისკომფორტი.

რაც შეეხება სხვა სახის დისკომფორტს, რომ ვთქვათ, გადაცემაში ჩემი ახლობელი ადამიანები არ მოდიან – ერთს უთქვამს, ვერ მოვალ, იამ ჩემ შესახებ ყველაფერი იცის და რამე რომ წამოსცდეს, არ მინდაო. ასე არ შეიძლება, მოდით გადაცემაში, შოუ გავაკეთოთ (იღიმის).

თქვენი პირადი თემების გამოტანასაც აპირებთ, რამდენადაც ვიცით…

ჩემს პირადზე ყველამ ყველაფერი იცის, რადგან პირში ენა არ მიჩერდება და ყველაფერს ვლაპარაკობ საკუთარ თავზე, მაგრამ პირველი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფადი ასლი, ჩემი მესამე… რაც იყო, სხვათა შორის, ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა.

როგორ დაითანხმეთ?

მიხვდა, რომ არ ვაპირებდი  გადავლას და გადათელვას. პირიქით, სიმართლე უნდა გველაპარაკა, რაც ხალხს აინტერესებდა – ის, რაც გახმაურდა, რის გამოც ბევრმა შეიძულა ფადი… სიმართლე უნდა თქმულიყო და ჩვენც ვთქვით. ფადი აღმოჩნდა ძალიან მაგარი შოუმენი, ვფიქრობ, მან „რუსთავი 2“-ზე გადაცემა უნდა გააკეთოს, რადგან ტოლი არ დამიდო (იღიმის). ძალიან მაგარი იყო.

როცა ადამიანი იტყუება, ადვილად შეგიძლიათ ამის ამოცნობა?

მე არ ვარ სიცრუის დეტექტორი და არც იმის განსაზღვრა შემიძლია, როცა ადამიანი თვალებს ქვევით ხრის ან ზევით, იტყუება თუ არა… რომც იტყუებოდეს, ეს ხომ მას უნდა, დე, იყოს ასე. მე მის განსჯას არ დავიწყებ. ყველა ამჩნევს, ვინ რას იტყუება. ამდენი პრობლემით ისეთი დანევროზებული ერი გავხდით, ნათელმხილველებიც ვართ თავისებურად, სენსორები გვაქვს და ყველა ყველაფერს შიფრავს, განსაკუთრებით მე, რადგან ამერიკაში მიხაილ ჩეხოვის სამსახიობო სკოლა მაქვს გავლილი, ჩვენ ბევრს ვმუშაობდით მეორე და მესამე შრეებზე, ანუ იმაზე, რაც დაფარულია და არ ჩანს. შესაძლოა, პირველ შრეში გიცინოდე, მეორეში კი ვერ გიტანდე. მე ამ შრეებს ვხედავ.

ყველაზე საინტერესო რესპონდენტების ხუთეული გვითხარით…

მე არ ვიცი წინასწარ. ჩემი საპროდიუსერი ჯგუფი ადგენს სიას, ვინ მოვა. არ მინდა ბევრი პასუხისმგებლობის აღება. ვთხოვე, რომ ძალიან არ შემაწუხონ და არ დამაკავონ. არ ვარ შეპყრობილი ტელევიზიით, რომ აქ ვატარო დღეები, ვიძინო და ვიცხოვრო. მბეზრდება დიდხანს ერთ ადგილას ყოფნა. ვუთხარი ჩემს ჯგუფს, ყველაფერი წინასწარ გამიკეთეთ, სცენარი დაწერეთ, მცირე შესწორებებს შევიტან, ჩემს თავზე მოვირგებ, მოვალ და გადაცემას წავიყვან-მეთქი. რაც უნდა გაგიკვირდეთ, მე ვარ ინტროვერტი, მიყვარს მარტო მუშაობა… არ ვარ სცენის მტვერით დაავადებული, ოღონდ ტელევიზიაში ვიყო და ამის გამო გავწირო ყველაფერი, ეს ადამიანი არ ვარ. მკითხეთ, მერამდენე მცდელობაა, რომ მქონდეს გადაცემა „რუსთავი 2“-ზე…

მერამდენეა?

ეს არის მესამე და სამართალი. სამი წლის წინ ძალიან მჭირდებოდა ხელფასი და მინდოდა, მქონოდა გადაცემა, ერთგვარი შემოსავლის წყარო. მირჩევნია, შემოსავალი მქონდეს ჩემი პროფესიით, ვიდრე ვინმეს პიარით… მე და ლელა წურწუმიას უნდა წაგვეყვანა გადაცემა, დავდიოდით რეპეტიციებზე, მერე გაუგებარი მიზეზებით გაჩერდა პროექტი, მე კი ვიცი – რატომაც, მაგრამ ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. შემდეგი მცდელობა იყო, როცა მე და მარინა ბერიძეს უნდა წაგვეყვანა გადაცემა, შორს წავედით და საპილოტეებიც ჩავწერეთ, მაგრამ მაშინ „რუსთავი 2“ კინაღამ დახურვის პირას მივიდა, საშინელებები მოხდა და გადაცემა ვეღარ შედგა. შემდეგ დიადმა ზევსებმა დატოვეს „რუსთავი 2“ და ვანო ჯავახიშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის რუხი კარდინალი აღმოჩნდა, მომიწვია გადაცემის წასაყვანად. რომ არა ვანო, ალბათ, ეს პროექტი ვერ შეძლებდა „გაძრომას“. ამას სჭირდება დაცულად სიარული შიდა დინებებში, რომ ქვა არ მოგხვდეს, ამიტომ ვანო აღმოჩნდა ძალიან მაგარი. ახლა ძალიან ნანობს, რადგან მას სულ ნერვებს ვუშლი, რაღაცებზე ვჩხუბობთ. ვანოს ასაკი არ ეტყობა, მაგრამ ჩემ გვერდით, ალბათ, მალე დაეტყობა (იცინის). ვანერვიულებ, იმიტომ, რომ ძალიან პრეტენზიული ვარ. ვიჯუჯღუნებ რაღაცებს, მერე კი ვეუბნები, კარგი, კარგი, ხომ ვთქვი, რომ არაფერში ჩავერევი-მეთქი…

გაგიხარდათ ტელევიზიაში დაბრუნება თუ ჩვეულებრივად შეხვდით?

არც ერთი და არც მეორე – დაიჯერებ?

დამაჯერეთ…

ხელფასი აღარ მჭირდება, ამიტომ ამ მხრივ აღარ გამიხარდა (იცინის). ის, რომ ხალხს მოვენატრე, ძალიან გამიხარდა. მაგრამ მესამე კითხვა არ დამისვი შენ – ვნერვიულობ თუ არა? ძალიან ვნერვიულობ. რა იქნება, რა რეიტინგი იქნება, როგორი გამოხმაურება მოჰყვება. ბრმად მივდივარ და ძალიან ვნერვიულობ, სულ ჩემს თავს ვაბრალებ ყველაფერს – სულ მეშინია, იქნებ, იამ ფორმა დაკარგა… ტელევიზიაში ყოფნას ფორმა სჭირდება, როცა „დღის შოუში“ ვმუშაობდი, ენა ათ მეტრზე მქონდა გატლეკილი, ახლა ლაპარაკი მეზარება.

ამ გადაცემაში, მგონი, უფრო მნიშვნელოვანია, რესპონდენტმა ისაუბროს.

კი, მაგრამ მეც ხომ არ ვიჯდები ისე? მადლობა ღმერთს, არსებობს სუფლიორი, თუმცა აქ ჩემი იმპროვიზაცია უნდა იყოს ჩართული. სტუმარს წინასწარ არ ვხვდები, რომ რაღაცები არ დაიკარგოს. როგორც ბატონი მიშა თუმანიშვილი ამბობდა, რეპეტიციაზე წინასწარ ყველაფერს ნუ „დაყრიო“… ამიტომ დღეს ჩემს სტუმარს, ილო ბეროშვილს პირველად შევხვდები…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები