LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავას ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო – „არც მე ვუშლი ვინმეს ნერვებს და არც ჩემთვის ვაშლევინებ…“

354

ია ფარულავას ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ფლობს პატარა და ლამაზ სასტუმროს, რომლის მენეჯმენტშიც მთლიანად არის ჩართული საკუთარ გუნდთან ერთად, ისვენებს ტელევიზიისგან და შესაბამისად, როგორ თავად ამბობს, სტრესისგან და სამომავლო გეგმებსაც სახავს…

რადიო „ფორტუნამ“ მსახიობს ქალთა დღე მიულოცა და ჰკითხა, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ დღესასწაულს.

ია ფარულავა:

მე, როგორც მაინც კომუნისტური ბავშვობის მქონეს, ეს გადმონაშთი მომყვება. დღეს დავწერე „ფეისბუქზე“, ერთი და იმავენაირი „გიფით“ მომილოცა დღევანდელი დღე ათმა ადამიანმა. ჯერ გავღიზიანდი, რა ჯანდაბად მინდა ეს მილოცვები-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე – რატომაც არა? ეს ხომ დადებითი ენერგიაა. ადამიანებს უხარიათ, როცა ერთმანეთს ულოცავენ. სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციაც შეინიშნება, რომ ამ დღეს ერთმანეთს ძირითადად, ქალები ულოცავენ, მაგრამ რა მოხდა? მაინც ხომ პოზიტივია?!. იმდენად გვჭირდება პოზიტივი ყველაფერში ამ ბოლო დროს, ასეთი მილოცვები კარგია.

8 მარტს მიყვარს ყვავილების მიღება, რადგან გაზაფხულია და მიყვარს გაზაფხულის ყვავილები – იები, ყოჩივარდები… გინდა 8 მარტი იყოს და გინდა 9, ყვავილები ძალიან მიხარია.

მე არავისთვის მიმილოცია, მაგრამ ბევრმა მომილოცა. მცდელობა მაინც რომ გვექნება, რომ რაღაც გვიხაროდეს, კარგ ენერგიას მოიტანს ჩვენ გარშემო, ქვეყანაში და ქალაქში, რომელიც იხრჩობა ნეგატიურ ჭაობში…

8 მარტს საჩუქრები მიგიღიათ?

რა თქმა უნდა, მიმიღია საჩუქრები, მაგრამ ქალები უფრო ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს (იღიმის).

საკუთარ თავს ხომ არ უსახსოვრეთ რამე?

საკუთარ თავს ყოველთვის ვჩუქნი რაღაცებს. ძალიან მიყვარს ბრილიანტები და როცა საშუალება მაქვს, ვყიდულობ რაიმე „ბრილიანტოვანს“.

ამით ჰგავხართ მერილინ მონროს და არა მხოლოდ…

აი, ელიზაბეტ ტეილორს კი მამაკაცები ჩუქნიდნენ, ძირითადად… თუ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარ თავს ვუსახსოვროთ რაიმე, რატომაც არა?!. ჩვენზე ძვირფასი ვინ გვყავს? აუცილებლად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი. ცოტა ეგოისტები იყავით, ჯერ თქვენ თავზე იფიქრეთ და მერე დანარჩენებზე!..

ახლახან ვნახე პოსტი, ერთ-ერთ კლუბში 8 მარტს 80 ქალბატონი და ორი მამაკაცი აღნიშნავდაო…

ძალიან კარგია, თუკი ქალბატონები დადიან რესტორნებში, მამაკაცების გარეშე. ქალებს შეუძლიათ, რესტორანში გერმანული ანგარიშით წავიდნენ, კაცებს – არა. ისეთი მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, თავისი სუფრაც გადაიხადონ და გვერდზე სუფრაც, სანთლით საძებნელები არიან. ასეთი რამ არქაული ხდება და წარსულს ბარდება. თუკი ქალებს უხარიათ ერთად სადმე წასვლა, ამას მივესალმები. ხშირად საუბრობენ და განიხილავენ, რომ ჩვენი მამაკაცები ძალიან დაიჩაგრნენ, ამის მიზეზებზე ბერვრჯერ თქმულა და აღარ გავიმეორებ, ამიტომ ჩვენ ვაჩუქოთ ყვავილები მამაკაცებს (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა…

დღეს ია ფარულავასთვის, ლამაზი და წარმატებული ქალისთვის, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორი მამაკაცია საინტერესო?

(იღიმის) მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ვფიქრობ მამაკაცებზე. არ ვსაუბრობ ჩემს პირად ცხოვრებაზე. არავინ იცის, რა ხდება ჩემს პირადში. ბევრს ჰგონია, რომ ქმარი აღარ მყავს, ზოგს ჰგონია, რომ მყავს და ვერ გაიგეს, რა და როგორ არის. შემიძლია ვთქვა, ტარიელ სუარი იყო ყველაზე ღირსეული მამაკაცი, რომელიც შემხვედრია ცხოვრებაში. ამ ასაკში დაახლოებით ვიცი, როგორი მამაკაცია ჩემთვის მისაღები და საუკეთესო, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მსურს.

კი ბატონო. მინდა გკითხოთ, რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?

ახლა გვეწყება ტურისტული სეზონი, ბიზნესი ყვავის. სასტუმრო არის ძალიან მოთხოვნადი, ლოკაციის გამო. მყავს ძალიან მაგარი გუნდი. ვერ გეტყვით, რომ სასტუმროში ვათენ-ვაღამებ, ასე არ არის და ასე მუშაობა სწორი არც არის.

ახლა ია ფარულავას აქვს ეტაპი, როცა მან უნდა დაისვენოს ყველანაირი ნეგატივისაგან და ყველაფერი ზედმეტისგან. ეს არის ეტაპი, როცა სერიოზულად გადავხედე მეგობრების სიას და დავიწყე ადამიანების გაცხრილვა, ვტოვებ იმ ადამიანებს, რომლებსაც პოზტივი მოაქვთ. ეს არის ეტაპი, როცა შემიძლია ვუთხრა საკუთარ თავს – ია, დაისვენე, ნუ ღელავ, შენ არაფერი გაქვს სანერვიულო.

არ ვიბრძვი იმისთვის, რომ ტელევიზიაში გადაცემა მქონდეს, რადგან ეს ზედმეტი სტრესის წყაროა. ზედმეტად არც ინტერვიუს ვიძლევი, რადგან მეზარება, ესეც სტრესია, უნდა იქაქანო და ა.შ. ვატარებ ლექციებს, ვასწავლი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიხეილ ჩეხოვის მეთოდს. ამაზე დიდად არ ვლაპარაკობ და არ ვაპიარებ, რადგან ჩემთვის საკრალური თემაა.

ვხვდები ჩემს მეგობრებს, ვთამაშობთ „მაფიის ღამეს“, დავდივარ პროცედურებზე კვირაში ერთხელ „ნატალიში“, რომლის სახეც გახლავართ. როგორც იცით, მიყვარს ბრილიანტები, რაც ასაკში შევედი, ძალიან დავაფასე მათი გამოსხივების ძალა, ამიტომაც გავხდი საიუველირო მაღაზია „პონტე ვეკიოს“ სახეც. მსურს, სასტუმროში ჩამოვაყალიბო სალონი, მაიკო ორბელიანის მსგავსი… აქეთ არის მიმართული ჩემი ფიქრები და აზრები…

სერიოზულად ვფიქრობ საცხოვრებელი ბინის გამოცვლას, რადგან პატარაა და ვიხრჩობი აქ უკვე. მაქვს მოლაპარაკებები ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან, ბინა უკვე შერჩეულია.

მოკლედ, ვარ ასე, ნერვებს არც მე ვუშლი ვინმეს და არც ვაშლევინებ… რომ მეკითხებიან, რატომ არ ხარ ტელევიზიაში, რატომ არ გაქვს გადაცემაო, როგორ ფიქრობთ, რომ მოვინდომო, არ მექნება? მაგრამ ეს იმხელა სტრესს უკავშირდება, აღარ მინდა, ბატონო (იღიმის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები