LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით გაიზარდა

35

2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით (223 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 003 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.8%-ით (287 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 2 941 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით (43 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 3.8%-ით (22.9 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20.1 მლნ. აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის  (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (70%) და  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%)  იმპორტი.

2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება, აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა – ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, მარტში  36.4%-ით, ხოლო აპრილში 22.9%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის:

  • 2017 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 10%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 5%-ით (146 მლნ. აშშ დოლარი);
  • 2017 წლის იანვარ-აპრილში 19.3%-ით (64 მლნ. აშშ დოლარი) გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები