LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიასთან გამოუცდელობით წავაგეთ

53

ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები იაპონიასთან 22:30 დამარცხდა.
შეცდომები დაცვაში და გაუმართლებელი გადაწყვეტილებები თავდასხმაში – წაგება ამით უნდა აიხსნას.
იაპონიამ, თავის მხრივ, არანაკლებ ბევრი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დასაწყისში, თუმცა ორჯერ მაინც მოახერხა რამდენიმე ბურთით „გაქცევა”.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ბულბულაშვილი დასახელდა. მან, ირაკლი კბილაშვილის დარად, ხუთი ბურთი შეაგდო, თუმცა ყველაზე ეფექტური ბოლო, მე-20 წუთზე გატანილი გამოდგა – თავის ნახევრიდან ბურთი თავზე გადაუგდო იაპონელთა მეკარეს.

„მეტოქესთან შედარებით გამოუცდელები ვართ და ვთვლი, რომ სწორედ ესაა წაგების მთავარი მიზეზი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, ამას დაემატა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ერეკლე არსენაშვილის გაძევებაც. ერეკლე ძლიერია თავდასხმასა და დაცვაში, მისი არყოფნა კი განსაკუთრებით დაცვას დაეტყო… საერთო ჯამში ამ მატჩისთვის მეტოქე აღმოჩნდა უკეთ მომზადებული”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას პარასკევს, 11 აგვისტოს გამართავს. საქართველო კი 18 საათზე საწყისი ორი თამაშის მომგებ ისლანდიას დაუპირისპირდება.

ჩვენი ჯგუფის სხვა შეხვედრებში გერმანიამ 37:19 სძლია ალჟირს, ისლანდიამ კი 27:22 დაამარცხა ჩილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები