LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრძოლებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით

ოთხი ოპოზიციური პარტია  –  „ახალი საქართველო“, ევროპელი დემოკრატები“, „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ და „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, პროდასავლური ორიენტაციის პარტიებს  გაერთიანებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი კანდიდატების დასახელებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, კანდიდატები პრაიმერის გზით უნდა გამოვლინდნენ.

როგორც პარტიების ლიდერებმა  საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ღია სოციალურ-პოლიტიკური პლატფორმის შექმნის მიზანია, შეიცვალოს არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლება. მოხდეს ძალების მაქსიმალური მობილიზება, რათა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოახდინოს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებში.

ჩვენ მოვუწოდებთ პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებს, ცალკეულ ლიდერებს, სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ საზოგადოების აქტიურ წევრებს, გაერთიანებისაკენ. ჩვენ ვერთიანდებით არა კონკრეტული ლიდერის, არამედ საერთო ღირებულებებისა და იდეის გარშემო,“ – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ განაცხადა, რომ დაქსაქსულ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების ილუზია.

მისივე თქმით,  კანდიდატების განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი მეორე ტურისთვის იბრძვიან, თუმცა მეორე ტურის გამართვასაც არ ექნება აზრი, თუ ამომრჩევლების ხმები დაყოფილი დარჩება.

ჩვენ კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან, თუ რა მოხდა მეორე ტურში. სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ცალ-ცალკე ყოფნა ამჯობინეს, სახელისუფლებო კანდიდატმა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ იგივე შედეგი, საჭიროა გაერთიანება,“ – დაამატა ვაშაძემ.

გაერთიანება გამოდის იდეით, რომ საარჩევნო კანდიდატის შერჩევა მოხდეს პრაიმერის გზით.

პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. ეს ეხება არა მხოლოდ მერობის კანდიდატს, არამედ საკრებულოს ცალკეულ კანდიდატებსაც,“  – განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა,  პაატა დავითაიამ.

როგორც „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, გაერთიანება მათ მომავალ კანდიდატს არასტანდარტულ კამპანიას სთავაზობს.

გვაქვს სხვადასხვანაირი გეგმა, რომლის გახმოვანებაც ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება იქედან გამომდინარე, თუ რა ოპოზიციური ძალები შემოგვიერთდებიან,“  – განაცხადა გამყრელიძემ.

ოპოზიციის უკვე დასახელებული კანდიდატები კი, როგორც ჩანს, ამ შეთავაზების მიღებას არ აპირებენ.

მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, „ფორტუნასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყო  რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანების შესაძლებლობა.

ამის საჭიროებას ვერ ვხედავ და არც არანაირი სურვილი არ გამაჩნია. მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი და ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ დარწმუნებულია თავისი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას, ძალებში და ამ შეთავაზების მიღებას არ აპირებს.

ჩვენ ძლიერი კანდიდატი გვყავს, ის შეძლებს, გადავიდეს მეორე ტურში, სადაც დარწმუნებულები ვართ, ნებისმიერი პროდასავლური კურსის მხარდამჭერი ამომრჩეველი სწორედ მას მისცემს ხმას,“ – აცხადებენ ხოშტარიას პრესსამსახურში.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, არჩევნებში მონაწილეობას ასევე გაერთიანების დახმარების გარეშე გეგმავს. თუმცა, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ენმ-ის თავისი შეთავაზება აქვს ოპოზიციისადმი.

პრაიმერის გზით კანდიდატის არჩევა საკმაოდ რთული პროცესია და დარჩენილ დროში ძნელია, პრაიმერით მთავარი კანდიდატის გამოკვეთა მოხერხდეს.  ყველაზე კარგი პრაიმერი იქნება პირველი ტური იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც საზოგადოების განწყობები აჩვენებს, მეორე ტური გარდაუვალი იქნება. ამიტომ დაველოდოთ  პირველ ტურს და  ვინც გავა მეორე ტურში, დავუჭიროთ იმას მხარი. მანამდე კი ოპოზიციას ვთავაზობთ, ვიმუშაოთ ერთად, რათა არჩვენების გაყალბება ავიცილოთ თავიდან,“ – განაცხადა ენმ-ის  ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა, „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

თათია მეგენეიშვილი