LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDFI: მთავრობის სტრუქტურულმა ცვლილებებმა ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება

87

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ 2017 წლის დეკემბერში დაწყებული სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგების ანალიზს აქვეყნებს.

ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა 2018 წლის 5 თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია.

„2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, იმ სამინისტროებში, რომლებსაც 2017 წლის დეკემბერში შეეხოთ სტრუქტურული ცვლილებები, შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე იქნა შენარჩუნებული, ხოლო საქონელი და მომსახურების ხარჯები დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზარდა.

სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ცენტრალური აპარატების გარკვეულწილად შემცირებულმა საშტატო რიცხოვნობამ არ განაპირობა სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება. მაგალითად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ცენტრალური აპარატების საერთო საშტატო რიცხოვნობა 35 ერთეულით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზე შენარჩუნდა;

2018 წლის 5 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქონელი და მომსახურების ხარჯი 7,5 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს – 5 მილიონი ლარით გაიზარდა;

სამინისტროების გაერთიანების შედეგად გარკვეულწილად შემცირდა ავტოპარკის მოცულობა. აღნიშნული გამოიწვია ისეთი თანამდებობების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე) გაუქმებამ რომლებზეც განპიროვნებული იყო ავტომობილები;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა IDFI-ს არ მიაწოდა მათი ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. ამასთან, სამინისტროების 2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხები აღარ არის ხელმისაწვდომი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. აღნიშნულმა გარემოებამ, მნიშვნელოვნად გაართულა როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ანალიზი,“ – ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები