LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IFC–მ ბაზისბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საკრედიტო ხაზი გამოუყო

105

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს. პარტნიორობის მიზანია მცირე და საშუალო კომპანიების საბრუნავი საშუალებებისა და სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, რაც ამ კომპანიებს საქმიანობის გაფართოებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლის ინდექსის თანახმად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი გამოწვევაა. IFC მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საკითხის მოგვარებას და ამ მიზნით ბაზისბანკს, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ჯგუფის ჰუალინგის წევრია, 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. სესხი ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის ვაჭრობასთან დაკავშირებული საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას მოხმარდება.

ბაზისბანკი უერთდება IFC-ის გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამასაც (GTFP). ამ პროგრამის ფარგლებში, IFC ბაზისბანკს გამოუყოფს  ვაჭრობის დაფინანსების საგარანტიო ხაზს 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ეს კი ბანკის კლიენტების სავაჭრო ტრანზაქციებს და ზოგადად, საგარეო ვაჭრობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„IFC-სთან პარტნიორობა ვაჭრობის დაფინანსების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. შედეგად, მცირე და საშუალო კომპანიებს საკრედიტო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებს შევთავაზებთ, რაც ამ კომპანიების გაფართოებას შეუწყობს ხელს. მოხარულნი ვართ, რომ IFC-ის გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამას შევუერთდით. ამ თანამშრომლობით ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ ბანკის პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სეგმენტში და გავაფართოებთ ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების მხარდაჭერას,“- განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

ბაზისბანკის მხარდაჭერით, IFC მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართული საბანკო სექტორის კონკურენტულ გარემოს.

„სავაჭრო დაფინანსებასთან წვდომა უმნიშვნელოვანესია კომპანიებისთვის, რომლებიც საგარეო ვაჭრობაში არიან ჩართული, ზრდის მათ სიცოცხლისუნარიანობას და ხელს უწყობს ეძიონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი თანამშრომლობა ბაზისბანკთან საქართველოში კერძო სექტორის მხარდაჭერის ფართო ძალისხმევის ნაწილია,“ – აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1.83 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 59 პროექტში საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან 940 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 385 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარებას.

IFC-ის გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამა (GTFP), ინდივიდუალური სავაჭრო ტრანზაქციებისთვის ნაწილობრივი ან სრული გარანტიების უზრუნველყოფით, ხელს უწყობს ვაჭრობას  განვითარებად ბაზრებზე. პროგრამას აქვს საერთაშორისო ქსელი, რომელიც 150 ქვეყნის 500 პარტნიორი ბანკისგან შედგება. ეს ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესს გლობალურ სავაჭრო სისტემასთან წვდომის საშუალებას აძლევს. უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში პროგრამამ 64 მილიარდი აშშ დოლარის სავაჭრო ოპერაციებს შეუწყო ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები