LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იკრძალება თუ არა ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსები

დედაქალაქში ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსების მოძრაობა შესაძლოა, აიკრძალოს. თბილისის მერიის  მიერ ტაქსების რეგულირების თემაზე დაწყებული რეფორმა ერთ-ერთ მოთხოვნად, იდეის დონეზე, ამ საკითხსაც ითვალისწინებს. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ლექვინაძის, ინფორმაციით, საკითხი სპეციალისტებთან საუბრის დროს გამოიკვეთა.

“ტაქსების რეგულირების  ჩარჩო-დოკუმენტი  სპეციალისტებთან ერთად განიხილება. საუბარია სხვადასხვა რეგულაციაზე და მათ შორის,  ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვის საკითხიც  ერთ -ერთი იდეაა, საუბარი არ არის რაიმე გადაწყვეტილებაზე, საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ თბილისის ვიცე-მერმა.

“ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის, ინფორმაციით, ტაქსების რეგულირების თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ამ საკითხმა მხოლოდ იდეის დონეზე გაიჟღერა, თუმცა რა რისკების შემცველია ორკარიანი მარჯვენა საჭიანი ტაქსი, არანაირი ოფიციალური კვლევა არ არსებობს.

„სხვა კომპლექსურ საკითხებთან ერთად, საუბარი იყო ორკარიან მარჯვენასაჭიან ავტომობილზე. რეალურად, ასეთი მანქანა მგზავრის გადაყვანისთვის გარკვეულ რისკებს მაინც შეიცავს, რადგან მგზავრის ჩაჯდომა  და გადმოსვლა მანქანიდან  მოძრაობის ზოლის მხარეს უნდა მოხდეს. რამდენად ხშირად ხდება ინციდენტი მარჯვენასაჭიან ორკარიან ტაქსებთან დაკავშირებით და გარდა თეორიულისა, რამდენად რეალურია საფრთხე, ამას შესაბამისი კვლევა და არგუმენტებით გამყარება სჭირდება, რაც მერიას არ გააჩნია“, – ამბობს „ფორტუნასთან“ მესხიშვილი.

თბილისში ტაქსების რეგულირების საკითხი ავტომობილების ლიცენზირებას და მძღოლების სამედიცინო შემოწმებასაც ითვალისწინებს.

 

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები