LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედა არაბული საქართველოს ტოვებს – ცნობადი სახე მხოლოდ არჩევნების წინ ჭირდებათ

2977

იმედა არაბული საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო მსახიობია. იმედა რუსთავი 2-ის რეალურ პროექტშიდასიგამოჩნდა და მალევე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. პროექტის დასრულების შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო მუსიკისა და დრამის თეატრში. პარალელურად გვანცა დარასელიასთან ერთად დილის გადაცემის ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო. ამჟამად არის კინომსახიობთა თეატრისა და მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი. ბოლო პერიოდში პოპულარულ სერიალში „ტიფლისი“ ლევან ამილახვარის როლს განასახიერებდა. სულ მალე მისი მონაწილეობით თორნიკე ბზიავას ახალი ფილმი გამოვა. იმედას სამსახიობო სფეროსთან დაახლოება თუმანიშვილის თეატრის მსახიობ მამიდას, მზია არაბულს უკავშირდება.

რატომ აპირებს იმედა არაბული ქვეყნის დატოვებას, რა იყო მისი საოცნებო როლი, რას ფიქრობს კულტურაში მიმდინარე პროცესებზე, ამას მასთან საუბრიდან შევიტყობთ.

 რა გზა გაიარეთ პროფესიული არჩევანის გაკეთებამდე?

ჩემ პროფესიაზე ბავშვობიდან არ მიფიქრია, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. სამწუხაროდ, სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, რამაც ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მომცა. 14-15 წლის ვიყავი მსახიობობა რომ მომეწონა და მომინდა. გავლენა იმ ფაქტმა მოახდინა, რომ მამიდა მსახიობი მყავდა, მის სპექტაკლებზე დავდიოდი და მომეწონა ატმოსფერო, ემოცია, გარდასახვა. მამიდაჩემის, მზია არაბულის დახმარებით მოვხვდი ქეთი დოლიძისა და ნანა კვასხაძის ჯგუფში. თუ რაიმე ვისწავლე ამ პროფესიაში, მათი დამსახურებაა. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა), ვანიკო თარხნიშვილი, თამრი და თორნიკე ბზიავები. სამსახიობო-სარეჟისორო ექსპერიმენტალურ  ჯფუფში მოვხვდით, გამოცდების გარეშე. ექსპერიმენტალური იმიტომ ერქვა, რომ უბრალოდ მისულ ადამიანს, რომელიც არ ოცნებობდა მსახიობობაზე, ესწავლა ამ ფაკულტეტზე.

როგორც ვიცით, წლების განმავლობაში ცეკვავდით. გული ხო არ წყდებათ…

10 წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს. ვეღარ გავაგრძელე, რადგან მარჯვენა მუხლის გარეთა მენისკის დისკი გამეჭედა. არ ვიცი რამდენად გავაგრძელებდი, მაგრამ არც ცეკვა არის პერსპექტიული. ჩვენ ქვეყანაში შემოქმედება არის მხოლოდ  საქმისადმი სიყვარულის, ენთუზიაზმის დონეზე. სცენაზე დგომით ამ ქვეყანაში ოჯახს ვერ ინახავ. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ სადმე წახვიდე, დაისვენო. პირადად არაფერი მაქვს საწუწუნო, ორ თეატრში ვარ და ცოლ-შვილი არ მყავს. ხალხი 400-500 ლარით არჩენს ოჯახს.

ცნობადი სახე მხოლოდ არჩევნების წინ ჭირდებათ

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამ სფეროში ასეთი დაბალი ანაზღაურება?

იმიტომ რომ არცერთი მთავრობისთვის არ არის კულტურა პრიორიტეტული. ცნობადი სახე მხოლოდ არჩევნების წინ ჭირდებათ. ვერცერთი მთავრობა ვერ ვნახე ქვეყანაში, რომელსაც ხალხი და ქვეყანა ეყვარება. შენი ხალხი თუ არ გიყვარს და ქვეყანა, რა თეატრი და კინო გეყვარება?! ამასწინ რომელიღაც ჩინოვნიკის ხელფასი ვნახე სოციალურ ქსელში. თვეში 10 000 ლარი, პლუს პრემიები. რა უნამუსობაა?! პრემიებს როგორც ვიცი ნორმალურ ქვეყნებში პროდუქტიულ საქმიანობაში იღებენ. თუ ასეთი მაგრები არიან და ყველაფერს კარგად აკეთებენ, ქვეყანა რატომ არის ასეთ მძიმე მდგომარეობაში?! სულ ვამბობ ხოლმე ამ ქვეყანაში მღვდელი, პოლიტიკოსი ან პოლიციელი უნდა იყო. იქნებ არცერთი არ მინდა. მე, რაც მიყვარს, ის მინდა ვაკეთო.

საზოგადოების ერთიანობა და ჩართულობა ხომ არ არის საჭირო მიმდინარე პროცესებში ?

რომელმა საზოგადოებამ უნდა მოთხოვოს?! იყო მსახიობების პროტესტი და ისე დაატრიალეს ყველაფერი, რომ სოციალურ ქსელში ისევ მსახიობები ვილანძღებოდით. ზურა ყიფშიძეზე რომ დაიწყეს საუბარი, ის კი არ თქვა კაცმა, რომ მშიერი ვარ და ვკვდებიო. ჩემი უფროსი მეგობარია და ვისმენდი, რაც თქვა: „მე არ მინდა დღეს როგორც მე ვარ, ჩემი შემდგომი თაობა იყოს ჩემნაირად“ – ეს თქვა. მარტო ფულზე ხომ არაა? მშიერი რადგან არ ხარ, კარგად ხარ?! ზურას დონის არტისტს თავისუფალი დრო არ უნდა ქონდეს. სულ გადაღებებზე უნდა იყოს. სოლიდარობის განცდა არ არის ხალხში, ნიჰილიზმია გამჯდარი. მე უკვე ვფიქრობ წავიდე საქართველოდან. არ მინდა ჩემი შვილი ამ ქვეყანაში გაიზარდოს. დავიღალე.

სად აპირებთ წასვლას?

ამერიკაში წავალ, მინდა რაღაც ვცადო. არ ვიცი ჩემი პროფესიით იქნება თუ სხვა საქმით. გარემოს შეცვლა მინდა. „ტიფლისი“ რომ გაკეთდა, ვიფიქრეთ, რომ ბევრი შეცდომა იყო, უკეთ შეიძლებოდა, მაგრამ ძლივს რაღაც დაიძრა, მერე „ქერჩი“ დაფინანსდა. მარტო მსახიობები ხომ არ ვიყავით, იცით რამდენი ადამიანი დასაქმდა? ყველა იღებდა არცთუ ურიგო ანაზღაურებას. ბევრ ადამიანს გაუჩნდა შემოსავალი, დაიძრა თითქოს და იქვე გაჩერდა.

სერიალში „ტიფლისი“ უარყოფითი პერსონაჟი ლევან ამილახვარი განასახიერეთ. რამდენად საინტერესი იყო ამ როლზე მუშაობა?

საინტერესო იყო უარყოფითი პერსონაჟის თამაში. მე ვცდილობ თქვენ თავი მოგაწონოთ. იმ გაგებით, რომ კარგი რაღაც ვთქვა, ხალხს თავი მოვაწონო, ეს ფარისევლურად არ ხდება. სადმე რომ მიდიხარ, ხომ არ ფიქრობ უარყოფითი შთაბეჭდილების მოხდენას. ჩვენ სულ ვთამაშობთ კეთილ და კარგ ტიპებს ქვეცნობიერად. როცა უარყოფით პერსონაჟს განასახიერებ, გიწევს მიჩქმალული უარყოფითი რაღაცეები ამოქაჩო. ამიტომ ჩემთვის მეტად საინტერესოა.

ზედმეტი თავმდაბლობა არის ფარისევლობა

პროექტი „დასი“ გავიხსენოთ. რა მნიშვნელობა ქონდა თქვენთვის ამ პროექტში მონაწილეობას?

საინტერესო იყო, უბრალოდ დასის ფორმატი არ მომწონდა. “ჯეობარის“ ფორმატით გააკეთეს და ეს იყო ყველაზე ცუდი. 4 დღეში ვაკეთებდით ნახევარსაათიან ოპუსს. ნანუკა ხუსკივაძის ძალიან მადლიერი ვარ. ბევრი რამ მასწავლა ამ პროექტმა და ნანუკასთან მუშაობამ. ბატონ რობერტ სტურუასთან  მოგვიწია რამდენჯერმე შეხვედრა, სასიამოვნო და ბევრის მომცემი იყო. პირველი პოპულარობა დასმა მომიტანა. სულ ვამბობ, რომ ზედმეტი თავმდაბლობა არის ფარისევლობა. რაღაც მომენტში იყო სასიამოვნო, როცა ვიღაცეები მცნობდნენ. მიუჩვეველი ვიყავი, უხერხულობაში ვვარდებოდი. მივხვდი არ ავვარდი ამ ყველაფერზე. დასში იმიტომ წავედი, რომ გამარჯვებული რუსთაველის თეატრის შტატში ხვდებოდა.

დასის მერე როგორ განვითარდა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

დასის შემდეგ იყო დილის გადაცემა „რუსთავი 2“-ზე. მაშინ მხოლოდ ერთ თეატრში ვიყავი და ხელფასი არ მყოფნიდა. არასდროს მქონია იმის განცდა, რომ რადგან ცნობადი ვარ, ვინმეზე მეტი ვარ. ისეთივე მხიარული და ლაღი ვარ, როგორიც მანამდე ვიყავი. დოისთან მოვხვდი თეატრში. დგამდა სპექტაკლს  „მაკბეტი“, ბენქოს როლი მივიღე. ორ კვირაში მითხრა, რომ შტატში ავყავდი. პირველი სტაბილური  ხელფასი მუსკომედიის თეატრში მქონდა. დოისთან მუშაობაზე ვგიჟდები, ამ დროს  ვხვდები რატომ მიყვარს ჩემი პროფესია. დამიჯერეთ არიან რეჟისორები, რომლებთან  მუშაობის დროსაც ერთი სული გაქვს თავი დააღწიო.

ვგრძნობდი, რომ რაღაც ჩემიც არის ამ გმირში

თქვენი  საოცნებო როლი განასახიერეთ მუსიკისა და დრამის თეატრში, მოგვიყევით სირანო დე ბერჟერაკის შესახებ…

სირანო ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი იყო. სულ ორი საოცნებო როლი მქონდა, მეორე იყო ჰამლეტი და აწი ვეღარ ვითამაშებ, უკვე“ ბებერი“ ვარ. სირანო ზურა ყიფშიძეს უნდა ეთამაშა. რაღაც მოხდა ზურასა და დოის შორის და ზურა წავიდა. დოიმ დამირეკა და დამიბარა თეატრში. შემეშინდა, ვუთხარი, რომ სათანადო გამოცდილება არ მქონდა. ზურას ნათამაშები არ ქონდა, პირველი აქტი ქონდათ შავად მოხაზული, მაგრამ ერთად ვიყავით, ვუყურებდი როგორ მუშაობდა. ზურას შემდეგ ბეწვის ხიდი იყო ამ პერსონაჟის თამაში. დოიმ მითხრა, რომ ხედავდა ჩემში ისეთ თვისებებს, რაც სირანოსთან ახლოს იყო. ძალიან გული მწყდება, რომ მოიხსნა სპექტაკლი, ტკივილად მაქვს. ძალიან ბევრი თინეიჯერი და ახალგაზრდა მოდიოდა. ძალიან მიხაროდა, არ იყო ერთ ასაკზე გათვლილი. 30 წლისამ ვითამაშე. ვფიქრობ, სირანოსთვის მაშინ ასაკით ცოტა პატარა ვიყავი. ეს პერსონაჟი არც მოხუცი უნდა იყოს, არც ახალგაზრდა.

თქვენც ხედავდით საერთოს მებრძოლ, პოეტურ სულთან, რაც სირანოს პერსონაჟს ახასიათებს ?

ძალიან ბევრ საერთოს ვხედავდი. ის, რომ საკუთარ თავს არ უტყდება რაღაცეებში, კომპლექსების გადაფარვას ცდილობს. შინაგანად ვგრძნობდი, რომ რაღაც ჩემიც არის ამ გმირში და ჩემში ასოციაციებს იწვევდა. კარგი პერიოდი იყო.

როგორც ვიცით, თორნიკე ბზიავას  ბოლო  ფილმში მიიღეთ მონაწილეობა…

დიახ, ზამთარში გადავიღეთ. თორნიკეს ფილმში ვითამაშეთ მე და გიორგი აბზიანიძემ, პოლიციელები ვართ. ნიკუშა გორდეზიანის გმირს მოსაწევზე ვიჭერთ  და განყოფილებაში მიგვყავს. აქტუალურ თემატიკაზეა, ნარკოპოლიტიკაზე. ფილმს სამუშაო ვერსიად ერქვა „თევზაობა“, უნდოდა სახელწოდება შეეცვალა, ვნახოთ რა ერქმევა. ისე, ძალიან ცოტა ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

თუმანიშვილის თეატრში თქვენ და მზია არაბული პარტნიორები ხართ სცენაზე, გაძლევთ რჩევებს?

სერობა“-ში ერთად ვთამაშობთ. მზია მარიამ მაგდალინელს თამაშობს და მე იოანეს. სპექტაკლი ქრისტეს მოწაფეებზეა, სასიამოვნოა, როდესაც ძალიან ნიჭიერ ადამიანთან ერთად დგახარ სცენაზე, გამდიდრებს და სტიმულს გაძლევს. მახო აბულაძე პეტრეს თამაშობს, რამაზ იოსელიანი – თომას. ამ სპექტაკლში მონაწილეობენ: გია აბესალაშვილი, თემო გვალია, გია ბურჯანაძე. მზია რჩევებს მაძლევს, ისე მაწვდის, რომ ვიღებ და ვცდილობ გავითვალისწინო. ვხვდები, რომ ჩემთვის მეუბნება. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც პროფესიული, ასევე პირადი. ჩემი მამიდაშვილია ნინი იაშვილი. ნინიც თუმანიშვილის თეატრშია. გეხსომებათ, “ტიფლისის“ მეორე სეზონის მთავარი გმირი კატო, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი გოგოა. კარგი არტისტია.

 ჯერ სხვა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, ეს კი ოჯახთან შეუთავსებელია

როგორია თქვენი ყოველდღიურობა, რა ინტერესები გაქვთ?

ფიტნესით ვარ დაკავებული, ვცდილობ ფორმაში ვიყო. მეგობრებთან ვატარებ დროს. მიყვარს იარაღები და მიზანში სროლა. ნადირობა და თევზაობა არ მიყვარს, ვერ ვესვრი ცხოველს. მიყვარს მთაში სიარული, ლაშქრობები. მოგზაურობა მიყვარს ძალიან.

საზღვარგარეთ თქვენი მოგზაურობების შესახებ გვიამბეთ… ძირითადად გასტროლებზე მიდიხართ თუ დამოუკიდებლადაც ახერხებთ  წასვლას?

საზღვარგარეთ ბევრგან ვარ ნამყოფი. აშშ-ში ვიყავი ორჯერ, ინგლისის ოთხ ქალაქში. შოტლანდიაში, ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ლიტვა, ესტონეთი, ხორვატია, ჩინეთი, ისრაელი, ასევე მოსკოვი, ბაქო, ერევანი, სტამბოლი, ბუდაპეშტი. ძირითადად გასტროლებზე ვარ ნამყოფი, ერთი-ორჯერ ჩემით.

როგორ ატარებთ დროს საზღვარგარეთ, სპექტაკლებს თუ ნახულობთ?

ვცდილობ ყველანაირად გავერთო. ღირშესანიშნაობებიც ვნახოთ და კლუბშიც წავიდეთ. საჭიროა განტვირთვა, როდესაც რეპეტიციები და სპექტაკლები გაქვს. ვცდილობ მოვასწრო მთავარი ღირშესანიშნაობების მონახულება. თუ დრო და საშუალება მაქვს, სპექტაკლებსაც ვნახულობ.

 პირად ცხოვრებაზე არ საუბრობთ, მაგრამ იქნებ გვითხრათ რაიმე სიახლე თუ არის…

არ მინდა ამაზე საუბარი. არც ხდება და არც ვამბობ. ჯერ სხვა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, მომავალში ვაპირებ ოჯახის შექმნას. ამ ეტაპზე არ მყავს კონკრეტული ობიექტი. წასვლას ვფიქრობ, თან ოჯახი კი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

მარიამ ბაზალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები