LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა, არ მეჩქარება – სალომე ზურაბიშვილი

44

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში არსებობდეს ასეთი დისკუსია. მე ამას მივესალმები, არ მეჩქარება, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს და „ქართულ ოცნებაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიებს მიესალმება. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ არჩევნებში პარტიას საკუთარი კანდიდატურა სურდეს.

„ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა, მაგრამ ჩემი კანდიდატურა უკვე დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც 8 სექტემბრამდე შევიტან ცესკოში და ვიქნები საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც ეხება იმ დისკუსიებს, რაც „ქართულ ოცნებაშია,“ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს ასეთი დისკუსიები. მე ამას მივესალმები. არანაირი პრობლემა არ მაქვს. არც მეჩქარება. ყველამ ვიცით, რომ დრო არის 8 სექტემბრამდე და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ.

მე მგონი, არაფერი შეცვლილა. ვიცით, რომ მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ შიდა კანდიდატურა და მუდამ იყო ასეთი დისკუსიები. ბუნებრივია პარტიისთვის, რომ ნებისმიერ არჩევნებში სურდეს თავისი კანდიდატურა. სხვა საქმეა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რააც მიღებული იქნება. მე აქ ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც შემაშფოთებელია,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებზე – უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები