LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა

54

იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დატბორილია ქალაქების ცენტრალური ქუჩები, საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

მეწყრული პროცესი განვითარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში. დააზიანდა საცხოვრებელი სახლი და გზა ჩაიხერგა, ასევე, დაზიანებულია გაზის მილები.

მეწყერსაშიში ზონებია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითსა და საირხეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ II სვირში. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის გზაზე, სოფელ ხანის მიმართულებით ბოგირი წაიღო წყალმა და მოძრაობა შეფერხებულია, წყალთაშუას მიმართულებით ჩამოსულია მეწყერი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში წყალმა დატბორა ამბულატორია და საბავშვო ბაღი. ზესტაფონში ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შორაპანში დაზიანებულია გზა და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, სოფელ ბოსლევში გზაზე მეწყერია ჩამოსული. ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება, განსაკუთრებული პრობლემებია ქუთაისში. ადგილზე მუშაობენ ჯგუფები, რათა მოსახლეობას დროულად აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია,”- აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები