LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტები ცდება პროცედურულ ხარვეზებს და მნიშვნელოვან დარღვევებს აქვს ადგილი – ISFED

75

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ინციდენტები მთელ რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესზე არსებითი ხასიათის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ ყველაზე პრობლემურ საარჩევნო ოლქად რჩება მარნეულის #22 ოლქი, სადაც, ცალკეულ უბნებზე, მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მარნეულის #50-ე, 18-ე, 31-ე, 83-ე უბნებზე ფიქსირდება ისეთი არსებითი ხასიათის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა, არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე. ამ დროისთვის 60 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 66 საჩივარია – საოლქო კომისიებში, ხოლო 47 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნშია დაფიქსირებული.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, როგორ ორგანიზაცია აცხადებს, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა. კერძოდ, 22–ე მარნეულის საარჩევნო ოლქის 50–ე საარჩევნო უბანზე რამოდენიმე ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პასპორტით მისცა; ამავე ოლქის მე–18 საარჩევნო უბანზე 3 რეგისტრატორმა ამომრჩევლებს ბიულეტენები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე გადასცეს;
ასევე, ორგანიზაციამ დააფიქსირა სხვის ნაცვლად ხმის მიცემა. კერძოდ,
22–ე მარნეულის საარჩევნო ოლქის 50–ე საარჩევნო უბანზე რამოდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემას.

გარდა ამისა, დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა 79–ე ბათუმის საარჩევნო ოლქის მე–2 საარჩევნო უბანზე 3 კომისიის წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მოცმეულ უბანზე რეგისტრირებული; 67–ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 46–ე საარჩევნო უბანზე 2 ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი ყუთით, ასევე უბანზე, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა;

ორგანიზაციამ მარკირების გარეშე ხმის მიცემის 3 ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, 22–ე მარნეულის საარჩევნო ოლქის 31–ე საარჩევნო უბანზე მარკირება არ შეუმოწმდა 3-ზე მეტ ამომრჩეველს;

გარდა ამისა, გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 79–ე ბათუმის საარჩევნო ოლქის მე–7 საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობის გამო ხმის მიცემა კაბინაში არ შეეძლო, ბიულეტენები კენჭისყრის კაბინის გარეთ, კომისიის წევრების თანდასწრებით შემოხაზა;
გარდა ამისა, 22–ე მარნეულის საარჩევნო ოლქის 84–ე სარჩევნო უბანზე რეგისტრატორი აგიტაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ ეწეოდა, კერძოდ, უბანზე მოსულ ამომრჩევლებს პარტიის რიგით ნომერზე მიუთითებდა.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტზეც. კერძოდ, 22–ე მარნეულის საარჩევნო ოლქის 74–ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე იჩენს აგრესიულ და უარყოფით დამოკიდებულებას ორგანიზაციის დამკვირვებლის მიმართ;

ამავე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებელი ნაზახის გოისუბოვი ზეწოლას ახდენს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე, რათა მან არ დაწეროს საჩივარი. აღსანიშნავია, რომ ეს პირი დღის განმავლობაში გავლენას ახდენდა ამომრჩევლების ნების გამოვლენაზე.

ორგანიზაცია სხვა პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს. კერძოდ, მე–20 რუსთავის საარჩევნო ოლქის მე–2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე კი, ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილი პირია.

რაც შეეხება საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებას, ორგანიზაციის მიერ ასეთი 11 ფაქტია დაფიქსირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები