LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობა დაიწყება?

81

ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის დასადგენად სპეციალური კვლევა ჩატარდება.

ამასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მოაწერს, რომელიც ინდოეთში იმყოფება.

ამ საკითხზე, მინისტრს ინდოეთის პირველ პირებთან შეხვედრა უკვე ჰქონდა.

„ინდოეთში სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანი გახლავთ მემორანდუმის ხელმოწერა ინდოეთსა და საქართველოს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ. ეს არის ძალზე სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ენერგია უნდა შესძინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან. განვიხილეთ კონკრეტული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, მაგალითად, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხი,  რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული გაცვლის რეჟიმებსა და მათ ინტენსივობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე.

მაჰეშ შარმამ და გიორგი გახარიამ საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის, ვაჭრობის, საჰაერო მიმოსვლისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში აქვთ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი -შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ მისი მხარდაჭერის საკითხი მაისში დაგეგმილ არჩევნებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები