LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი მანგლისში შექმნილ გაუსაძლის პირობებზე წერს – „უპატრონობას რა ვუთხარი, თორემ…“

244

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს მანგლისის შესახებ. ამ ადგილს უამრავი დამსვენებელი ჰყავს, თუმცა ისინი, ექიმის თქმით, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან.

გთავაზობთ პოსტს სრულად.

„დაბა-მანგლისი, თავისი უნიკალური მდებარეობით და ჰავით, ასწლოვანი ფიჭვებით, ულამაზესი ტყეპარკით, უძველესი ტაძრით, არსენას გამოქვაბულით, ალგეთის ხეობით და ბურატინოს ტბით… ოდითგანვე სასუნთქი სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, სავსეა დამსვენებლებით, ჩემს პაციენტებსაც ვხვდები ძალიან ბევრს, მაგრამ რა?.. ცენტრალური წყალგაყვანილობა მხოლოდ მანგლისის გარკვეულ ნაწილში გაკეთდა რეგიონული ფონდის დაფინანსებით, დანარჩენი ნაწილი დისკრიმინირებულ უმცირესობაში აღმოჩნდა, ტყის პირას მცხოვრებ მოსახლეობას აბრუებს და ათრობს ფეკალური მდინარეების სურნელი, ხანდახან სიოსთან ერთად რო წამოკრავს ხოლმე, ეს ის ნაწილია, სადაც თამაშობენ ბავშვები, რომლებიც „მოუთმენლად ელიან სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის აფეთქებას“. ცენტრალური წყალგაყვანილობის მილები გადის ერთი საცოდავი მანგლისელის ეზოში, უწვრილესი მილებით და მთელი ვითომდა ცენტრალურ მილებში გამავალი სიბინძურე ჩაედინება მდინარე ალგეთში, სადაც ჩვენი ბავშვები ჭყუმპალაობენ, თევზაობენ ადამიანები, ამ ადამიანის ეზო წვიმის დროს განავლოვანი მასებით ივსება, გადმოედინება ყველა მილიდან, ხომ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანის აბსოლუტურად სწორი რეაქცია…

მოსახლეობამ გადავწყვიტეთ, ჩვენს ქუჩაზე, ჩვენივე ხარჯებით, მოვიწვიოთ სპეციალისტები და მოვაწესრიგოთ ამ მხრივ ინფრასტრუქტურა, მილები ისევ იმ საცოდავი კაცის ეზოზე გამავალ ცენტრალურ მილებს უნდა დაუერთდეს, ამის უფლებას არ გვაძლევს, სანამ მის ეზოში არ მოწესრიგდება წყალგაყვანილობის სისტემა, რაც გამგეობას სულაც არ აინტერესებს, ჩვენი ხარჯებით კი ეს ყველაფერი ნახევარი მილიონი ჯდება, აქ საუბარია მოსახლეობაზე, რომელთაც საჭმლის ფულიც კი უჭირთ, სეზონურ შემოსავალს მთელი წელი აწილადებენ საკვების შეძენაზე…

სირცხვილია ადამიანებო, ცივილურ ქვეყანაში დასასვენებლად ჩასული ადამიანი დავსდევ კანალიზაციას, მილებს და თვალყურს ვადევნებ ტყე-პარკის შუაგულს არ გასცდნენ ბავშვები, რომ განავლოვან მასებში არ წატორონ ფეხი, რითაც სავსეა აქაურობა, ტუალეტები არ არსებობს და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ჯიბეში ხომ ვერ შეინახავენ… სამაგიეროდ, ბიზნესობიექტებს მიაქვს აქაურობა, ყველაფერი ათმაგ ფასში, საკატაოები, თუ სასრიალოები… რა ვქნათ, ვის მივმართოთ, ვის აინტერესებს ადამიანი და მისი პრობლემები, უპატრონობას რა ვუთხარი, თორემ ჟანგბადით გადაჯერებული ჰაერი ხეთქავს ფილტვებს…

ვის არ მივმართე, მაგრამ აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ… გაისად აქ ჩამოსვლა შეუძლებელი იქნება, განსაკუთრებით, როცა ბატონი ნოდარის (ვის ეზოზეც კანალიზაცია გადის) მუქარა მოვისმინე, „მიშველონ რამე, თორემ გავურჭობ პალოს და განავლით გავავსებ მთელ მანგლისსო“.

აი, ასე ჩემო მეგობრებო, გაზზე აღარაფერს ვამბობ, გვეშველება რამე??? არა, ნამდვილად არა, თუ ჩვენს თავებს რამე არ ვუშველეთ და არ გამოვფხიზლდით, აბა, ელტონ ჯონს სულაც არ აინტერესებს შენი ბედკრული სამშობლო…. ვაი, ჩვენს პატრონს…“, აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები