LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძე ხვალ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდება

105

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხვალ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს შეხვდება, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

მათი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში. შესაბამისად, კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები