LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგი ცნობილია

31

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 3 თვეში მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიპიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის სტატისტიკის წარდგენისას განაცხადეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ 3 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7%-ით გაიზარდა და 1 134 436 შეადგინა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის მარტში ტურიზმმა საქართველოს 38 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

მინისტრის ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, ტურიზმიდან წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 87 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალია მიღებული.

„მართალია, 2015 წლის ვიზიტორების რაოდენობა პირველ იანვარს ცნობილი იყო და ეს იყო 5 900 000 ვიზიტორი, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დაზუსტებით გადათვალა ის შემოსავალი, რომელიც მივიღეთ 2015 წლის მანძილზე ტურიზმიდან და ეს ციფრია 1 935 000 000 დოლარი, რაც არის 148 მილიონი დოლარით უფრო მეტი, ვიდრე ეს 2014 წელს გვქონდა. სასიხარულოა ასევე ისიც, რომ 2016 წლის მარტის თვეში გვქონდა 16,7%-იანი ზრდა საერთაშორისო ვიზიტორების მიმართულებით, ხოლო ტურისტების მიმართულებით ეს არის 24,8%-იანი ზრდა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება გასულ თვეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტის თვეში ამ რაოდენობის ვიზიტორები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

”2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 450 875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ია. მარტის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაჰყვეს საქართველოში, 170 281 შეადგინა”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისივე ინფორმაციით, მარტში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+1066%), რომელთანაც სავიზო რეგულაციები გამარტივდა. ზრდა ფიქსირდება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები