LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი კანაფის წარმოება-კულტივაციის შესახებ კანონპროექტს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს

50

პარლამენტის ვიცესპიკერი, ირმა ინაშვილი, კანაფის წარმოება-კულტივაციის შესახებ კანონპროექტს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და აცხადებს, რომ ამას საზოგადოება დაუპირისპირდება. დეპუტატის თქმით, კანონპროექტის გატანა არ მოხდება, რადგან მას ქვეყანაში დიდი მღელვარება მოჰყვება.

„არავითარ დისკუსიაში ან დებატებში არ ვერთვები, რადგან სრული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოში ამის დანერგვა გენოფონდის მოსპობას ნიშნავს. დროებითი გადადების საჭიროება არ არის, პარლამენტიდან ამ ანტისახელმწიფოებრივი პროექტის პირდაპირი გაწვევა უნდა მოხდეს. თუ ვინმეს მიზანი აქვს, რომ საქართველო კოლუმბიად ან ავღანეთად გადააქციოს, ვურჩევ, წავიდეს და იქ იცხოვროს. საუბარი იმაზე, რომ ეს დანერგილია ისრაელსა და საბერძნეთში, სამარცხვინო პარალელია. ისრაელს შევედაროთ იმაში, როგორ უნდა გვიყვარდეს ქვეყანა და სახელმწიფო ინტერესებს როგორ უნდა ვიცავდეთ. ისრაელს სამხედრო და სამედიცინო ტექნოლოგიებში შევედაროთ და არა – პლანის პლანტაციების გაშენებაში. მთავრობის დამტკიცებისას არავის უსაუბრია იმაზე, რომ პლანის პლანტაციების გაშენებას აპირებდნენ. იდეა ერთ წამში მოუვიდათ? მთავრობის დამტკიცებისას „ქართული ოცნება“ ციფრულ ეკონომიკასა და სამეცნიერო ტექნოლიგიებზე საუბრობდა და სად წავიდა მათი ციფრული ეკონომიკა და სამეცნიერო ტექნოლიგიები? საიდან გაჩნდა აზრი, რომ ქვეყანა მარიხუანას პლანტაციად გადააქციონ?“ – განაცხადა ინაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

ამასთან, როგორც ბიუროს სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში წარდგენილია ორი საკანონმდებლო პაკეტი: მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციისა და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დამზადების მიზნით კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ. მარიხუანას  მოხმარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები ცალკე განიხილება, მეორე პაკეტის განხილვა კი ჯერ შეჩერებულია და კონსულტაციები გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები