LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რასაც ისრაელი აკეთებს, გენოციდია – თურქეთმა აშშ-დან და ისრაელიდან ელჩები გაიწვია

79

ღაზას სექტორის საზღვართან შეტაკებების გამო თურქეთმა აშშ-დან და ისრაელიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბიზდაგმა განაცხადა. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის ქმედებებს გენოციდი უწოდა და ისრაელი “ტერორისტულ სახელმწიფოდ” მოიხსენია.

„ის, რასაც ისრაელი აკეთებს, გენოციდია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან ხდება ეს – ისრაელიდან თუ აშშ-დან. ვგმობ ამ ჰუმანიტარულ დრამას, ამ გენოციდს,“ – განაცხადა ერდოღანმა.

მისი განცხადებით, მომხდარიდან გამომდინარე, მან ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა მოიწვია. 57 წევრიანი ორგანოს შეკრება სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება.

მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პასუხისმგებლობა ღაზას მმართველ დაჯგუფება „ჰამასს“ დააკისრა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციას ემხრობა, რომლის თქმითაც, სამხედრო შენაერთები თავდაცვით ქმედებებს ახორციელებდნენ და ქვეყნის საზღვრებს იცავდნენ.

ღაზას საზღვართან მომხდარზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძემ და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში უფროსმა მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა.

“ღაზას საზღვართან გამართულმა საპროტესტო აქციამ, რასაც ათობით პალესტინელის დაღუპვა მოჰყვა, გვაჩვენა, რომ ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები აქ დიდ პრობლემად რჩება,” – განაცხადა კუშნერმა.

14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის დიპლომატიური მისიის თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 58 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები