LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISET: ქართველი რესპონდენტების 82% დაბადებას საზღვარგარეთ ისურვებდა

79

ISET-ის გუნდმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა მთავარი კითხვით: არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელ ქვეყანაში ისურვებდით დაბადებას?

გამოკითხვა ქართულ ენაზე შედგენილი კითხვარით, ფეისბუქის მეშვეობით, 2017 წლის მარტში ჩატარდა.

გამოკითხვაში უმეტესად ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა (საშუალო ასაკი 29 წელი), მათგან 70% ქალები იყვნენ.

რესპონდენტთა მხოლოდ 18%-მა დაასახელა საქართველო ადგილად, სადაც ისურვებდნენ დაბადებას (პირველ პრიორიტეტად).

საქართველოს მოსდევს შემდეგი ქვეყნები შესაბამისი რიგითობით: აშშ, იტალია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, შვეიცარია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი. ჩამოთვლილებიდან ყველა განვითარებული ქვეყანაა, ყველა დასავლეთ ევროპაშია, აშშ-ის გარდა.

რესპონდენტებმა ჯამში 39 ქვეყანა დაასახელეს, მათგან მხოლოდ 12 იყო აზიაში და სამხრეთ ან ცენტრალურ ამერიკაში. მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სურდა, დაბადებულიყო რუსეთში.

 

“ჩვენს რესპონდენტებს განათლების შედარებით მაღალი დონე აქვთ და შედარებით შეძლებულები არიან. მათი 97% ქართველია, 80%-ს უმოგზაურია კავკასიის რეგიონს გარეთ. სულ გამოკითხვაში 501 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა”, – აცხადებენ ISET-ში.

ISET-ის რესპონდენტებ ქალებსა და მამაკაცებს საკმაოდ განსხვავებული უპირატესობები აღმოაჩნდათ: იტალიას ქართველ ქალებში მესამე ადგილი უჭირავს, ხოლო მამაკაცებში –  მეცხრე; ქალების სიაში შედის საფრანგეთი, ესპანეთი და კანადა, თუმცა, ეს ქვეყნები არ არის მამაკაცების სიაში. ხოლო ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ისლანდია გვხვდება მამაკაცების სიებში, მაგრამ არა ქალების მიერ არჩეულ ქვეყნებში.

 

რატომ აირჩიეს ეს ქვეყნები:

ადამიანები, ვინც საქართველოში დაბადება აირჩია (შერჩევითის 18%). სამი მთავარი მიზეზი, რაც ამ სეგმენტმა დაასახელა, შემდეგია: (1) ბუნება და კლიმატი (აღნიშნა რესპონდენტების 34%-მა); (2) საჭმელი (33%): (3) კულტურა და ხალხი (21%). ეს კატეგორიები კარგად აღწერს, რა უყვართ ქართველებს თავიანთ ქვეყანაში.

ადამიანები, რომლებსაც სურთ, სხვა ქვეყანაში დაბადებულიყვნენ (გამოკითხულთა 82%). ამ სეგმენტის მიერ დასახელებული სამი მთავარი მიზეზია: (1) პირადი თავისუფლება (დაასახელა 42%-მა); (2) განათლების და ჯანდაცვის კარგი ხარისხი (42%) და (3) პროფესიული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები (41%).

კვლევის სრული შედეგები და ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები