LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს

57

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, რადგანაც საზღვრის გადაკვეთისას, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეები ვერ ადასტურებდნენ ვიზიტის მიზნობრიობას, მათ ხშირად საზღვრიდანვე აბრუნებდნენ უკან.

„საკონსულო დეპარტამენტი აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაზღვრო კონტროლი ისრაელთან გამკაცრებული და გახანგრძლივებული იქნება. საქართველოს მოქალაქეებმა თან იქონიონ ყველა შესაბამისი საბუთი, ვიზიტის დადასტურებული მიზნობრიობა, მგზავრობის ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტაცია და უკან დასაფრუნებელი ბილეთი. ზედმიწევნით დაემორჩილონ საზღვრის კვეთის მოთხოვნებს,“ – განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

ამას გარდა, ისრაელში 17 აპრილიდან ამოქმედდება ახალი კანონი თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით. არსებული წესის მიხედვით, ისრაელში ჩასვლის შემთხვევაში, პიროვნებას, რომელიც მოითხოვდა თავშესაფარს და მიიღებდა უარს, ეძლეოდა 1 კვირა ქვეყნის დასატოვებლად, რასაც, ხშირ შემთხვევაში, არ ემორჩილებოდნენ და  სამუშაოდ არალეგალურად რჩებოდნენ.

ახალი კანონის მიხედვით, თავშესაფარზე უარის შემთხვევაში, პიროვნებას დაუყოვნებლივ დაატოვებინებენ ისრაელს. ქვეყნის ელჩის შაბთაი ცურის ინფორმაციით, კანონის მიღება არალეგალთა ნაკადის მკვეთრმა ზრდამ გამოწვია, მხოლოდ საქართველოდან 2016 წელს 3 600-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი.

კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით დეტალებზე მოლაპარაკებები 2 ქვეყნის საკონსულოებს შორის 10 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები