LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პრემიერმა ნატოს სამიტზე ნათლად გამოხატა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა- გიორგი მარგველაშვილი

32

დღეს მე შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ საქართველოსთან მიმართებით ნატოს სამიტზე დააფიქსირა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლა ტყიბულის შახტაში დაღუპულების ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო. “მინდა სამძიმარი გამოვთქვა იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, რომლებიც დღეს ტრაგიკულად დაიღუპნენ შახტაში.

მინდა, მადლობა ვუთხრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ასევე იმ მასპინძლობისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ მე და ქართულ დელეგაციას გვქონდა რომში. ეს ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის და უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. იტალია არის საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი ევროპული ქვეყანა. დღეს მე მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ საქართველოსთან მიმართებით ნატოს სამიტზე დააფიქსირა. იტალიის პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე თავის გამოსვლაში ძალიან ნათლად გამოხატა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ასევე დაფიქსირდა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა.
ამასთან, იტალია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, იმ 29 ქვეყანას შორის, რომელმაც მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ტრიბუნიდან საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა და რუსული ჯარის გაყვანის აუცილებლობა დააფიქსირა,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ სწრაფვას გაუსვა ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დასრულებისას იტალიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც იტალიამ ჩვენს ქვეყანას 90-იან წლებში აფხაზეთის ოკუპაციისას გაუწია.

“მინდა აღვნიშნო, რომ მომავალშიც საქართველო იტალიის ყველა ლიდერს მადლობას ეტყვის იმ განსაკუთრებული დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. საქართველოს ოკუპაციის პირველი ტალღის დროს, 90-იან წლებში, როდესაც რუსული ძალის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია მოხდა, იტალიამ ფართედ გაუღო კარი ათასამდე ქართველ ახალგაზრდას და შეიფარა ისინი. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო პრეზიდენტო,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

ერთობლვ პრესკონფერენციამდე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები რამდენიმე სფეროში გაფორმდა, მათ შორის, თავდაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები