LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოშია

46

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, თბილისს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები თავდაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.ორმხრივ დოკუმენტებს – მემორანდუმებს მოაწერენ ხელს. დღესვე პრეზიდენტები ქართული და უცხოური მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. იტალიის პრეზიდენტი, ასევე, ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და “ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას დაათვალიერებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იტალიაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა, პრეზიდენტები ისაუბრებენ პირველ რიგში, ოკუპაციის საკითხებზე.

“მოგეხსენებათ, რომ იტალია არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ცხადია ისაუბრებენ უფრო მეტ დაახლოებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში არაერთ მემორანდუმს მოეწერება ხელი უწყებათა თანამშრომლობის კუთხით. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შედგება ბიზნესფორუმი. ფაქტია, რომ საქართველოს და იტალიას რეალურად აქვთ მაღალი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც მთლიანად უნდა ავითვისოთ და შევისწავლოთ და ბიზნესფორუმი ამას ნამდვილად შეუწყობს ხელს,” – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები