LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იტალიური ეზოების“უმეტესობა უნდა დაინგრეს“ – მერია კი რეაბილიტაციას იწყებს

430

თბილისის ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერიამ განვითარების ფონდს დამატებით 1.9 მილიონი ლარი გამოუყო.

„საერთო ჯამში, 29 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით 20-25 სახლის რეაბილიტაცია მოხდება,“ –  ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი თანხით შენობების არა ფასადური, არამედ ფუნდამენტური რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

რას ფიქრობენ “იტალიურ ეზოებში”

 

ნინი ასათიანი ოჯახთან ერთად ავლაბარში, ერთ-ერთ ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობს, სახლს ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი თქმით, სახლი იმდენადაა ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი, რომ ზამთარში სითბოს შენარჩუნება დაზიანებული კედლებისა და ნაპრალების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია.

„არც ჩვენ და არც ჩვენს მეზობლებს მერიისთვის რეაბილიტაციის დახმარების თხოვნით არ მიგვიმართავს, თუმცა არც მერიასა და გამგეობას გამოუჩენია აღდგენის ინიციატივა. სახლი ისეა დანგრეული, მისი რეაბილიტაცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ის, რომ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს, პოტენციურ ინვესტორებსაც აფრთხობს და ხელს გვიშლის მათთან ურთიერთობაში. ამასობაში, სახლი ნელ-ნელა ინგრევა“, – ამბობს ნინი ასათიანი  რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ სოლოლაკში კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლის მაცხოვრებლებიც.

„ჩვენი სახლი რეაბილიტაციას ჯერჯერობით ნამდვილად ექვემდებარება. შავ დღეში ვართ, კიბე ერთხელ დაცურდა,  მეორე – მესამე სართულზე დამაკავშირებელი, მოვიდნენ მაშინ და გამოცვალეს, მაგრამ ისეთი დაქანება აქვს იმ კიბეს ასვლა- ჩასვლა გვიჭირს. დიდი ნაპრალები აქვს სახლს, განსაკუთრებით ეზოს მხარეს.  დაქანებული აქვს იატაკი, როდის  ჩავარდება არ ვიცით და სანამ სულ დაინგრევა, ნამდვილად ექვემდებარება რეაბილიტაციას. ძველი უბნების რეაბილიტაცია იგეგმებაო და ამიტომ გავჩერდით. რადგან იწყება ქვედა უბნების აღდგენა, ველოდებით იქნებ ჩვენამდეც ამოვიდნენ,“ –  განუცხადა რადიო „ფორტუნას“ მანანა ნაჭყებიამ.

მის მსგავსად, რეაბილიტაციასა და აუცილებელ გამაგრებას ითხოვს ამავე სახლის მაცხოვრებელი ნატო გაბუნიაც.

„გვესმის რომ რეაბილიტაციას დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?! ჩვენ არ გვინდა განსაკუთრებული რემონტი, ჩვენ გვინდა ელემენტარული გამაგრება. კედელი რომ გაიხსნა და ორად რომაა გაყოფილი სახლი, ეს რომ მოგვარდეს,“ – ამბობს ნატო გაბუნია.

რადიო „ფორტუნასთან“ რამდენიმე მშენებელმა აღნიშნა, რომ ე.წ. იტალიური ეზოების დიდი ნაწილი რეაბილიტაციას საერთოდ არ ექვემდებარება. მათი თქმით, უმჯობესია ამ შენობების დანგრევა და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება.  მათი განცხადებით, ასეთ სახლებს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ აქვთ გასული.

რას გულისხმობს რეაბილიტაცია, როგორ არჩევენ შენობებს და რა სახით აღადგენენ ე.წ. იტალიურ ეზოებში მდებარე სახლების აღდგენა თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ  რეაბილიტაციის პროცესი ძეგლზე მუშაობისას შემუშავებული წესებით განხორციელდება.

”თავდაპირველად ტარდება კვლევა. სპეციალისტები შეისწავლიან კონკრეტულ ძეგლს და იმის მიხედვით ადგენენ, თუ როგორ მოხდეს აღდგენა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ხოლმე რეკომენდაციების მიხედვით, უნდა გავულესოთ ფასადი მხოლოდ,  თუ მოხდეს ძირეული რეაბილიტაცია. ჩვენ რეაბილიტაციაში ვგულისხმობთ მის აღდგენას და შენარჩუნებას იმავე სახით, როგორიც არის,” – ამბობენ თბილისის განვითარების ფონდში.

ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს განსაზღვრავს ”კულტურული მემკიდრეობის შესახებ” საქართველოს მოქმედი კანონი.  კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ობიექტს ძეგლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მისი  ისტორიული, მხატვრული, კულტურული, არქიტექტურული ან  მემორიალური ღირებულების გამო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტის თეა ონიანის განცხადებით, თბილისის მასშტაბით 1700-მდე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტია. მათ შორის არის ე.წ. ქართულ ეზოებში მდებარე შენობები. მათ რეაბილიტაციის პროცესში კი სააგენტოს ჩართულობა, მხოლოდ ძეგლისთვის სტატუსის მინიჭებაა.

”თბილისის განვითარების ფონდი ჩვენ მიერ ისტორიულ-კულტურული სტატუსის მქონე ობიექტების ნუსხიდან საკუთარი პრიორიტებების გათვალისწინებით არჩევს თუ რომელ ობიექტს უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია,” – აღნიშნა თეა ონიანმა.

დედაქალაქის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში 1,9 მლნ ლარით არის გაზრდილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაცია. მათ შორის დაგეგმილია, პუშკინის N19 და ყავლაშვილის N5-N7 შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფიროსმანის ქუჩაზე სამი სახლისა და წინამძღვრიშვილზე N11 და N39 სახლების რეაბილიტაცია.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები