LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე მაჭავარიანი EBRD -ის მმართველ დირექტორებს შეხვდა

55

საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისაა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს საკონსულტაციო ვიზიტი დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის სტუმრები ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველია. შეხვედრას, ასევე, დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

როგორც აღინიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორების პირველი ვიზიტი საქართველოში, ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში EBRD-ის დაფინანსებით განხორციელებული, ასევე, სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა ისეთ სფეროებში როგორიცაა: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკის ახალი სტრატეგიით განსაზღვრული მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ენერგოეფექტური პოლიტიკის მხარდაჭერას და სხვა.

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. ამ პერიოდიდან ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით, 3.0 მილიარდი ევრო შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები