LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებაში კრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩანს – ოპოზიცია

89

„ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ.

ბოკერიას თქმით, არანაირი სიახლე მის გამოსვლაში არ იყო და ივანიშვილს ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლის გეგმა და ხედვა არ აქვს.

„გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა როგორც იქნა, შინაარსობრივად არანაირი სიახლე – ისევ წარსულის და ოპონენტების ლანძღვა, ისევ თავის ქება, მათ შორის უტიფრად რაღაც პროგრესზე საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საქმეში, იმ ფონზე, რა ტრაგედიებიც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ.

არანაირი ხედვა მომავლის და არანაირი ხედვა იმის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა იმ ჩიხიდან, რომელშიც თვითონ და მისმა გუნდმა შეიყვანა. ამიტომ, როგორც აქამდე ვიძახდით, არანაირ სასიკეთოს არ ველით ამ ცვლილებისგან. ეს დღეც გვიდასტურებს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არჩევნების და მშვიდობიანი გზით ამ კაცის ჩამოცილება ხელისუფლებიდან,“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ზაალ უდუმაშვილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს არ გაუცია პასუხი კითხვაზე, რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, რეალურად, ამის ერთადერთი მიზეზი ხელისუფლების შენარჩუნების სურვილია, თუმცა “საქართველოს მოსახლეობას სხვა გეგმები აქვს”.

„ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში კრიზისი იმაზე უფრო ღრმა და იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და ვერანაირი ფერადი ქაღალდებით შეფუთვა ამ კრიზისის, ვერც პარტიას და ვერც ხელისუფლებას ვერ უშველის, თუმცა ივანიშვილს არ უსაუბრია დღეს მთავარზე, თუ რეალურად რატომ დაბრუნდა ისევ პარტიაში.

მას სურს, პოლიტიკური იმუნიტეტის მიღება, რადგან გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა…

ივანიშვილის სახელს უკავშირდება უკიდურესი გაჭირვება, ქვეყანაში არსებული კორუფციული მდგომარეობა…

ივანიშვილს გეგმები აქვს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა გეგმები აქვს და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა პასუხს უახლოეს თვეებში გასცემს,“ – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

პოპულალურები