LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, მაგრამ მხოლოდ ერთია ბრენდი…“

60

პიარსპეციალისტის რჩევები – როგორ გავხდეთ პოპულარული

მაია ქავთარაშვილი, პიარის სპეციალისტი, გახლავთ სახელმძღვანელოს ავტორი, რომლის სახელწოდებაა „იმიჯმეიკინგი, როგორც პიარტექნოლოგია“. დღეს ის ჩვენი რესპონდენტია და გვიზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, როგორ მოვიპოვოთ პოპულარობა, ანუ „სელფ-ბრენდინგის“ ნიუანსებში გვახედებს.

მაია ქავთარაშვილი:

მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ პიარსპეციალისტმა უნდა იმუშაოს პროექტის და არა საკუთარი თავის პოპულარიზაციაზე, სულ მწამდა იმის, რომ ადამიანმა ზედმეტად არ უნდა იყელყელაოს, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია სელფ-ბრენდინგი, ანუ პირველ რიგში, საკუთარი თავის წინ წამოწევა. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვიყიდებით. თუკი თავად არ ხარ მოთხოვნადი, შენი შექმნილი პროდუქტიც არ იქნება ასეთი. თუ ამას არ გააკეთებ, მოტრიალდები და შენ ადგილას სხვა ადამიანს დაინახავ, შესაძლოა, უფრო უნიჭოსა და ნაკლებად ჭკვიანს და მერე პრეტენზია აღარ უნდა გამოაცხადო. სხვა საქმეა, საზოგადოება როგორ შეგაფასებს, მაგრამ უნდა ეცადო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაიმკვიდრო საკუთარი თავი და მიიქციო ყურადღება. თუკი სხვა ამას გაშიშვლებით გააკეთებს, რადგან მეტი არაფერი შეუძლია, შენ სხვა მეთოდით უნდა სცადო. რიგით ადამიანსაც სჭირდება პოპულარობა, და ზოგადად, ბევრი პროფესიის წარმომადგენელს.

პოლიტიკა და შოუბიზნესი

გაგეცინებათ და ეს ორი სფერო ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, მსახიობიც და პოლიტიკოსიც დგამენ შოუს, ორივე სფეროში არის მიზანსცენა, ქირაობენ რეჟისორს, ორივე იღწვის პუბლიკის შეფასებისთვის, აპლოდისმენტებისკენ და ა.შ.

სელფ-ბრენდინგი ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ადამიანი ბრენდად ვერ დაიბადება და ამას ივანიშვილების ოჯახის მაგალითზე გეტყვით – ბიძინა ივანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, მაგრამ მხოლოდ ერთია ბრენდი და ეს გახლავთ ბერა. ნებისმიერ ადამიანს, სადაც უნდა დაიბადოს, ძალისხმევა სჭირდება, რომ ბრენდად იქცეს.

იმიჯი

ბრენდად ჩამოყალიბებისას ადამიანის იმიჯის შექმნა უმნიშვნელოვანესია. ადამიანი რომ დაინახო, პირველ რიგში, ის უნდა წამოდგეს. დამჯდარ ადამიანს ვერავინ შეამჩნევს. მნიშვნელოვანია, რა აცვია მას, რა აქსესუარები უკეთია, როგორი ვარცხნილობა აქვს. პოპულარობის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ მასისგან რაღაცით გამოირჩეოდეს. ამისთვის ვინ რას გააკეთებს, ეს სხვა საუბრის თემაა.

საქართველოში ბოლო დროს არცთუ სასიამოვნო ტენდენცია გამოიკვეთა – იმიჯის შექმნისას აქცენტი სკანდალებსა და იაფფასიანი პოპულარობის მოხვეჭაზე კეთდება. წლების წინ, ლექციებზე ხშირად მითქვამს, რომ პოპულარობა შეიძლება მარტივად მოიპოვო, გავარდე შიშველი რუსთაველზე. სამწუხაროდ, ეს ფრაზა რეალობად იქცა და დღეს ბევრი დადის შიშველი, ირიბი თუ პირდაპირი მნიშვნელობით.

დამხმარე საშუალებები

ვთქვათ, შევქმენი იმიჯი ტრადიციული მეთოდით, დავიქირავე ადამიანი, რომელმაც იზრუნა ჩემს გარეგნულ მხარეზე. შემდეგი ნაბიჯია ტექნიკური საშუალებები, ანუ რამდენად შემიძლია საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის გამოვიყენო საიტი, სავიზიტო ბარათი, პირადი გვერდი სოციალურ ქსელში და ა.შ. ამ თანამედროვე საშუალებებს, სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად იყენებენ. მაგალითად, თქვენ რომ ნახოთ, ქართველ ცნობილ სახეებს როგორი ელექტრონული ფოსტა აქვთ და შეადაროთ უცხოელი კოლეგებისას, დაინახავთ თვალსაჩინო განსხვავებას და მიხვდებით, რომ ქართველები ამას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. არადა, თუნდაც სავიზიტო ბარათი, რომელზეც სამსახურისა ლოგოსა და პირადი ინფორმაციის გარდა, შესაძლოა დავიტანოთ აფორიზმი, იუმორისტული ფრაზა ან ფოტო, და ამით თავი შევახსენოთ ადამიანს, როდესაც ჩვენ მის გვერდით არ ვართ, ტელევიზიაში შეძენილ საათიან სიუჟეტს აჯობებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახი, სადაც დავიბადეთ, სამეგობრო, რომელიც თავად ავირჩიეთ და სამსახური, რომელმაც აგვირჩია.

პოპულარობის მოპოვების მიუღებელი ხერხი

სამწუხაროდ, ბოლო დროს ასევე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ადამიანები პოპულარობას მოიპოვებენ ისეთი საზოგადოებრივი პოსტულატების შერყვნით, რომლებიც პიარში ხელშეუხებლად მიიჩნევა: სექსუალური ორიენტაცია, სარწმუნოება და პოლიტიკური მრწამსი. ამ ტენდენციამ საქართველში უტრირებული და გაშარჟებული სახე მიიღო. ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის ისაა, როდესაც ადამიანი რელიგიურ მრწამსზე ზემოქმედებას საკუთარი პოპულარობისთვის იყენებს. თუნდაც გავიხსენოთ ბოლო დრო ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოფენილი ნახატი. შესაძლოა, მხატვრის მიდგომა იყოს საინტერესო და ჰქონდეს სრულიად სხვა კონტექსტი, ნიცშესაც აქვს ცნობილი ფრაზა: „ღმერთი მოკვდა“, მაგრამ როცა ასეთ ნაბიჯს დგამ, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, ან წინასწარ იცი, რა შედეგი მოჰყვება და განზრახ აკეთებ, ან ბეცი ხარ. ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, პოპულარობისთვის უღირს თუ არა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები