LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყო, არის და იქნება სისხლის სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი – თეა წულუკიანი ნინო გვენეტაძეზე

118

„იყო, არის და იქნება სისხლის სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დარგში ამ ქვეყანაში,“ – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას.

„ის რჩება ქართველ იურისტად, სისხლის სამართლის სპეციალისტ ქალად. მე მინდა, მას ვუსურვო ჯანმრთელობა, პირველ რიგში, რადგან ეს, როგორც ჩანს, არის პრობლემა სერიოზული-მეთქი, არ ვიტყვი იმიტომ, რომ მას საუკეთესოს ვუსურვებ და ყველაფერი იქნება მისთვის კარგად,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძის ჩანაცვლება სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ არ იქნება ადვილი, რადგან, წულუკიანის შეფასებით, გვენეტაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და კომპეტენტური ამ პალატაში.

„ის, თუ როგორი მოხდება მენეჯმენტი ამ დანაკლისის შესავსებად იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა არ შეჩერდეს, არ შენელდეს უზენაეს სასამართლოს პალატაში, ეს არ არის და ვერ იქნება იუსტიციის მინისტრის საქმე, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც მენეჯერი ორგანოს,  მოსაგვარებელი საკითხი,“ – დასძინა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ნინო გვენეტაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა, ამის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები