LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯამიროქუაის“ ახალი ალბომი ბევრ ქვეყანაში პირველ პოზიციაზეა – რას მოვისმენთ ბათუმის კონცერტზე

131

ბრიტანული ბენდის „ჯამიროქუაის“ ახალი ალბომი, შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვიდა. 31 მარტს ის უკვე გასაყიდად გამოამზეურეს. მალევე ჯგუფის ლიდერი ჯეი ქეი პოპულარული შოუს „ვოისის“ ბრიტანულ გამოშვებაში მიიწვიეს, სადაც ერთ-ერთი ახალი სიმღერა შეასრულა და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.

ის ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახალი ალბომით უკვე მოგზაურობს. პირველი შოუ პარიზში შედგა. „იუთუბი“ უკვე სავსეა ამ კონცერტზე გადაღებული ვიდეოებით, საიდანაც ჩანს, რომ ჯგუფი და მისი სოლისტი შესანიშნავ ფორმაში არიან.

ალბომს კომერციული წარმატება აქვს და რამდენიმე ათეული ქვეყნის ჩარტებში პირველ პოზიციებს არ თმობს. ამის შესახებ თავად ჯეი ქეიმ ისაუბრა მცირე ვიდეომიმართვაში, ლონდონური კონცერტის წინ და აღნიშნა, რომ თაყვანისმცემლების მადლობელია ასეთი წარმატებისთვის.

რაც შეეხება თავად ალბომს, კრიტიკოსების მხრიდან მას დადებითი შეფასებები მოჰყვა. აქ გაერთიანებულია ჯაზის, ფანკის და ელექტრომუსიკის ელემენტები. ვისაც „ჯამიროქუაი“ გიყვარდათ, ამ ალბომის შემდეგ აუცილებლად კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდებათ, ვისაც ამ ბენდის შესახებ არაფერი გსმენიათ, რაშიც ძალიან გვეპარება ეჭვი, მაშინ მის წინა ნამუშევრებს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ, რადგან  ახალი ალბომი „Automaton“ ბენდის წარსული მუსიკალურობის მემკვიდრეობაა.

ალბომში ბევრ მელოდიას დაიჭერთ, რომლებიც სხვადასხვა ტიპის არანჟირებაშია გაბნეული. არანჟირების წამყვანი ინსტრუმენტი, რასაკვირველია, ისევ ბასია, როგორც ყოველთვის, თუმცა ელექტროჟღერადობაც საკმარისად აქვს დამატებული. მთელი ალბომის მოსმენისას ისეთი შეგრძნება დაგრჩებათ, რომ მუსიკალურ ქაოსში წესრიგს დაეძებთ და ამას თავად მუსიკოსიც აკეთებდა, როდესაც კიდევ ერთ თანაავტორთან ერთად ახალ სიმღერებს წერდა, ამდენი წლის შემდეგ…

კონცერტებზე ახალ სიმღერებთან ერთად, ახალ ფერად ელექტროქუდში გამოწყობილი ჯეი ქეი ძველ კომპოზიციებსაც ასრულებს, ისეთ საეტაპო სიმღერებს მის შემოქმედებაში, როგორიც არის „Space Cowboy“ და „Deeper Underground“. მთლიანი პროგრამა, არც მეტი, არც ნაკლები 2 საათსა და 20 წუთს გასტანს, გარდა ბენდის ტრადიციული წევრებისა, ელექტროჟღერადობისთვის „ჯამიროქუაიმ“ კიდევ ერთი წევრი დაემატა, რომელიც პულტებით მუშაობს სცენაზე.

ბათუმში „ჯამიროქუაის“ კონცერტი 28 ივლისსაა ჩანიშნული, „ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ ფარგლებში, სადაც ის ფესტივალის ჰედლაინერი იქნება. ქართველი თაყვანისმცმელები ამ კონცერტს მოუთმენლად ელოდებიან. ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლით საიტზე tkt.ge.

ნინო მურღულია

https://www.youtube.com/watch?v=sPY8h5pC6-Q

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები