LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის ახალი ინიციატივა – რა ბედი ელით სოციალურად დაუცველ ოჯახებს

9 პუნქტიან ჩამონათვალში, რის გამოც მოქალაქეებს სოციალური დახმარება გარკვეული დროით უჩერდებოდათ ან უწყდებოდათ, უახლოეს დღეებში, ერთი პუნქტი აღარ იქნება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრის გარდაცვალება სოციალური დახმარების შეწყვეტის ან შეჩერების მიზეზი აღარ გახდება. რეგულაცია ჯერჯერობით ძალაში არ არის შესული, თუმცა პარლამენტი მას უახლოეს პერიოდში განიხილავს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო, 274 ოჯახს აქვს შეჩერებული სოციალური დახმარება და მათი მონაცემების ხელახალი გადაფასება ხდება.

როგორც „ფორტუნას“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ვინაიდან ამ ოჯახებისთვის დახმარების შეჩერება მანამდე მოხდა, სანამ ამ ინიციატვით ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდოდა, მათთვის მდგომარეობის გადამოწმება კვლავ ძველი წესით მოხდება.

დღეის მდგომარეობთ, სოციალური დახმარების გასაცემად მონაცემების კორექტირების საფუძველია:

  1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა და ის სახელმწიფოს მზრუნველობაში გადადის;
  2. იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
  3. ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);
  4. ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
  5. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
  6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
  7. პირის ან ოჯახის მიერ საცხოვრებელი მისამართის ცვლილება;
  8. ახალი ოჯახს წევრის დამატება;
  9. ოჯახის წევრის გარდაცვალება.

„ახალი ოჯახის წევრის დაბადება დღეს, სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი არ ხდება. უბრალოდ ეს საჭიროებს მონაცემების კორექტირებას თვითონ დეკლარაციაში, ჩამატება ხდება ბავშვის და ხელმეორედ გადათვლა. შეწყვეტის მიზეზი ბავშვის დაბადება არ არის. სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში ხდება მონაცემების ახლიდან დათვლა და ახალი დეკლარაციის შევსება. ბავშვის დაბადების შემთხვევაში კი, დეკლარაციას თავიდან არ ავსებენ, დაკორექტირება ხდება მხოლოდ,“ –  განუცხადეს „ფორტუნას“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

„ფორტუნას“ კითხვაზე, ხომ არ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილება სოციალური დახმარების გაცემის წესში იმ შემთხვევაშიც შეიტანოს, როცა საქმე ბავშვის დაბადებას ეხება, მინისტრმა უპასუხა, რომ ხარვეზი ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში იყო, ოჯახის ახალი წევრის დაბადება კი არც აქამდე ქმნიდა სოციალური დახმარების შეუფერხებლად გაცემის შემთხვევაში პრობლემას.

მიუხედავად სააგენტოსა და მინისტრის მტკიცებისა, მეორე თვეა სოციალური დახმარება შვილის დაბადების გამო არ მიუღია ანზორ სარსევანიძეს. მას მესამე შვილი 2 ივნისს გაუჩნდა, რის შემდეგაც მონაცემების დაკორექტირებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

„წინა თვეში სოციალური არ ამიღია. გამაფრთხილეს ახლა გადავამოწმებთ და მეორე თვეში ორივე თვისას ერთად აიღებო. ახლა ველოდები, 20-ისკენ უნდა ავიღო ორივე ერთად. ჩემი, მეუღლის და ახლა უკვე სამი შვილის,“ – აღნიშნა ანზორ სარსევანიძემ.

მის მსგავსად, უკვე სამი თვეა ელოდება შეჩერებული სოციალური დახმარების აღდგენას თამთა ვალიშვილი, რომელსაც თანხა 2 აპრილის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დააკავეს, არ აუღია. როგორც ის „ფორტუნასთან“ ამბობს, სააგენტო მას დაპირდა, რომ გაცდენილ თვეებს ერთობლივად ივლისში აუნაზღაურებს.

ოჯახში ახალი წევრის გაჩენა გახდა 8 თვით სოციალური დახმარების შეჩერების საფუძველი ლელა წიკლაურის ოჯახში. ამ შემთხვევაში სააგენტოს ვერ დააჯერეს, რომ წიკლაურის ქალიშვილი, რომელსაც შვილი შეეძინა, წიკლაურის ოჯახის წევრი იყო და თავის მეუღლესთან დროებით, გარკვეული მიზეზების გამო არ ცხოვრობდა.

„8 თვე მქონდა შეჩერებული. ნუ რაღა შეჩერებული, შეწყვეტილი. არ ამინაზღაურეს გაცდენილი თვეები. მაშინ ჩემი გოგო ჩემთან ცხოვრობდა, ახლა კი შეურიგდა მეუღლეს, მაგრამ მაშინ სხვანაირად იყო. დეკემბერში კი თავიდან დამინიშნეს,“ – აღნიშნა წიკლაურმა.

ყველა შემთხვევაში, სოციალურად დაცუველი ოჯახებისთვის დამატებითი დისკომფორტია, თუნდაც ერთი თვით შეჩერებული სოციალური დახმარება. ისინი სახელმწიფოს სთხოვენ, რომ მონაცემების გადამოწმების წესი და პროცედურები უფრო მოქნილი და დახვეწილი გახადოს, როგორც ეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში იგეგმება.

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

ქეთი გიგოლაშვილი

პოპულალურები