LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვუჩივი, თუმცა, სახლში მინდა” – მაია ოთინაშვილზე ცხინვალის მედია წერს

82

ოკუპირებული ცხინვალის მედია ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ის ცხინვალის გამოსასწორებელ კოლონიაში მოქალაქეების ე.წ. საზღვარზე საზღაურის ფასად გადაყვანაში დახმარების გამო იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთინაშვილს თარჯიმნის და ადვოკატის მომსახურება გაეწია.

„კარგად მექცევიან, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვუჩივი, თუმცა, სახლში მინდა,“ – გამოცემა მაია ოთინაშვილს ციტირებს.

დღეს საქართველოს გატაცებული მოქალაქე წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი განცხადებით, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია. რადგან კრემლი გაეროში საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლამ გააღიზიანა.

27 სექტემბერს, მამუკა ბახტაძე გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. მან რუსეთს ტრიბუნიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა.