LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარიმა საუბრისა და კედელზე მიყრდობისთვის – რას უყვება “ფორტუნას” ფრესკოს თანამშრომელი

177

“ხანდახან, დამლაგებლის მოვალეობის შესრულებაც გვიწევდა.”

“ვადას უცვლიდნენ ხოლმე, ცოტა მეტი წააწერეო გვეუბნებოდნენ.”

 

სუპერმარკეტების ქსელის „ფრესკოს“ ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა, სოციალური ქსელები მოიცვა. სკანდალი რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც „ფრესკოში“ ყოფნის პერიოდში მათი სამუშაო პირობები იყო აღწერილი.

„ფორტუნამ“ ფრესკოს ერთ–ერთ ყოფილ თანამშრომელთან სცადა სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. აღსანიშნავია, რომ ის აღნიშნულ პროტესტში ჩართული არ არის და სამსახური რამდენიმე თვის წინ საკუთარი ნებით დატოვა.

 

ჩვეულებრივ რამდენი საათი მუშაობდი დღეში?

  • ოფიციალურად კვირაში 5 დღე, 12 საათის განმავლობაში ვმუშაობდი – დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, თუმცა ძალიან ხშირად სამუშაო საათის დასრულების შემდეგ გვეუბნებოდნენ, რომ შემოწმებაზე უნდა მოსულიყვნენ და გავჩერებულიყავით. ამას თხოვნის სახე ჰქონდა, თუმცა ძალიან ხშირად მეორდებოდა. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ კი არავინ მოდიოდა. მოლოდინის რეჟიმში ჩვენ მუშაობას განვაგრძობდით. მე არ ხშირად არ ვჩერდებოდი და არც მაჯარიმებდნენ, მაგრამ ბევრი ჩერდებოდა.

გქონდა თუ არა შესვენება და გეძლეოდა თუ არა მისი გამოყენების საშუალება?

  • წესით, შესვენება საათნახევარი გვქონდა, მაგრამ ძირითადად ქვევით ჩასულს მალევე გვეძახდნენ, იმ მიზეზით, რომ სუპერმარკეტში ბევრი ხალხი იყო, შესაბამისად შესვენებას ვერ ვიყენებდით. შესვენების დროს არ გვქონდა მობილურის გამოყენების საშუალება. გვეუბნებოდნენ, რომ ამისთვის დაგვაჯარიმებდნენ.

 

კიდევ რა სახის ჯარიმები იყო?

  • გვეუბნებოდნენ, რომ თუ სამუშაო საათებში კედელს ან რაიმეს მივეყრდნობოდით, ამაზე ჯარიმას დაგვიწერდნენ. მე არ დავჯარიმებულვარ ამაზე. ჯარიმა იყო ასევე, სამსახურში დაგვიანებაზე, თუნდაც ეს დაგვიანება 1 წუთი ყოფილიყო. თანხას 3 დაგვიანების შემთხვევაში აკლებენ თანამშრომლებს. ჯარიმის ოდენობა სულ მცირე 20 ლარით განისაზღვრებოდა. ერთმა გოგომ მუშაობის პროცესში, მაღაზიაში მისულ მის ძმას გადასძახა, ამის გამო 40 ლარით დააჯარიმეს.

 

რაც შეეხება მუშაობის პროცესს, რისი გაკეთება გიწევდათ?

 

  • ხანდახან, დამლაგებლის მოვალეობის შესრულებაც გვიწევდა. ერთხელ ერთ გოგოს ნაჭერი მისცეს და დაავალეს მაცივრები გაეწმინდა.

 

რაც ყველაზე ცუდი იყო, შეიძლებოდა სხვა კონსულტანტის საქმე დაევალებინათ, ის გაგეკეთებინა          და როდესაც შენ პოზიციაზე ბრუნდებოდი, შენიშვნას გაძლევდნენ, რატომ არ გაქვს შენი საქმე             გაკეთებულიო. ჩხუბობდნენ იმაზეც, თუ არაფერს აკეთებდი.

 

რაც ყველაზე მთავარია, მე სოსისების სექციაში ვიყავი. პროდუქცია, რომ დაძველდებოდა და წებოვანი ხდებოდა, გვეუბნებოდნენ გარეცხეთო და გვარეცხინებდნენ. ვიჩინას კიდევ ზოგს მაგიდის გადასაწმენდით ასუფთავებინებდნენ. ზოგჯერ ზეთით აპრიალებინებდნენ, კარგი შესახედაობა რომ ჰქონოდა.

 

ვადაგასულ პროდუქტებს გარეცხინებდნენ?

 

  • ვადას უცვლიდნენ ხოლმე, ცოტა მეტი წააწერეო გვეუბნებოდნენ.

ამას იძულებითი ფორმა ჰქონდა?

 

  • დიახ, ჩვეულებრივად გვავალებდნენ. ერთხელ, იმის გამო ეჩხუბნენ ერთ კონსულტანტს, რომ თევზებში მომუშავე ბიჭი გასული იყო და ამ ბიჭის საქმე ვერ შეასრულა, უბრალოდ იმიტომ რომ აკვარიუმს ვერ მიწვდა ფიზიკურად.

 

კონტრაქტში რა გეწერათ? მოგცეს თუ არა მისი ასლი?

 

  • ასლი არ მოუციათ, თუმცა სანამ ხელს მოვაწერდი გადავხედე. ნამდვილად არ ეწერა, რომ 12 საათიანი სამუშაოს შემდეგ, რაღაცის გამო, კიდევ პოზიციაზე დარჩენას მომთხოვდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ეს გოგონა, რომლემაც ფრესკოში 2 თვე იმუშავა, არც ერთხელ არ დაუჯარიმებიათ. სამაგიეროდ, შეუქმნეს ისეთი პირობები, რომ სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია.

ის არა საარსებოდ, არამედ, „ჯიბის ფულის“ გამო მუშაობდა, შესაბამისად, სამსახურის დატოვება არ გასჭირვებია. თუმცა, ისინი ვისთვისაც „ფრესკო“ ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, სადაც მსგავსი სამუშაო პირობებია, შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ასე მარტივად, ვერ დატოვებენ სამსახურს.

იმის მიუხედავად, რომ შრომის კოდექსი საქართველოში არსებობს, ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ფრაზებია და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ამას ცხადყოფს.

არავინ იცავს დასაქმებულის უფლებას და არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ არასათანადო სამუშაო პირობები გააპროტესტოს და შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაკარგოს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები