LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარში ქართული წარმოების ხორცს უკრაინული ჩაანაცვლებს: ვინ გაიმარჯვა ტენდერში?

104

ქართულ ჯარში ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცს უკრაინაში წარმოებული ჩაანაცვლებს. თავდაცვის სამინისტროს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “უხვმა” გაიმარჯვა, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ქართული ჯარის დანაყოფები საქონლის ხორცით 6 თვის განმავლობაში უნდა მოამარაგოს.  გამარჯვებული კომპანიის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანია ხორცს უკრაინიდან შემოიტანს.

”ფორტუნამ” აღნიშნული ინფორმაცია შპს ”სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” ფინანსური აღრიცხვებისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში გადაამოწმა. როგორც აქ განგვიმარტეს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს უფლება, რომ სახელმწიფოს იმპორტირებული ხორციც შესთავაზოს.

”ეს კომპანია ქართულ ჯარს საქონლის ხორცს ადრეც აწვდიდა. თუმცა, მანამდე ადგილობრივი წარმოების ხორცის მიწოდება ხდებოდა. ახალი ხელშეკრულებით კი ისინი შეძლებენ იმპორტირებული ხორცის შემოთავაზებასაც. საწყის ეტაპზე იგეგმება, რომ უკრაინული საქონლის ხორცით უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ხორცს აღარ შემოგვთავაზებენ”, – განმარტეს შპს ”სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” ფინანსური აღრიცხვებისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დაახლოებით 23 ტენდერია გამოცხადებული ქართული ჯარის კვებასთან დაკავშირებით. ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ”მოგეხსენებათ, ჯარისკაცებს უამრავი სახეობის საკვები სჭირდებათ, შესაბამისად, ყველაფრით უზრუნველყოფა ერთ კომპანიას არ შეუძლია. ამიტომ, სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე სხვადასხვა ტენდერი მიმდინარეობს”, – აღნიშნავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა დაიწყო პროექტი, რომელიც ჯარის ქართულ პროდუქციაზე გადაყვანას გულისხმობდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროექტი ამ ეტაპზე აღარ გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები