LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაზფესტივალის სამი დაუვიწყარი დღე და ორი ქართველი პიანისტის ტრიუმფი

120

თბილისის მეოცე ჯაზფესტივალი დასრულდა. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, „ისთერნ ფრომოუშენსს“ საქართველოში არაერთი საინტერესო და ცნობილი არტისტი ჩამოჰყავს. საინტერესოა, რომ წლევანდელი ჯაზფესტივალი იმ მხრივ იყო გამორჩეული, რომ მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს ორი ქართველიც შეუერთდა, ბექა გოჩიაშვილი და პაპუნა  შარიქაძე, ერთი ჯულიარდის, მეორე კი ბერკლის მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტები. ჯაზფესტივალი 5 ნოემბერს, შეიძლება ითქვას, მშობლიურ სცენაზე მათი ტრიუმფალური გამოსვლებით დაიხურა. ორივე კონცერტი ერთსა და იმავე დღეს შედგა. სცენაზე ჯერ პაპუნა შარიქაძე ვიხილეთ, დრამერ ტაისონ ჯეკსონთან და აღიარებულ ბასისტ ედი გომესთან ერთად, რომელმაც 15 წელი ბრწყინვალე ჯაზპინაიტის, ბილ ევანსის გარემოცვაში გაატარა და ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი ამაღელვებელი იქნებოდა ქართველი მუსიკოსისთვის მასთან ერთად სცენაზე დგომა, თანაც პირველად და თან – თბილისში, ნაცნობი აუდიტორიის წინ. სწორედ ამით აიხსნებოდა ის ღელვა, რომელიც პაპუნას ეტყობოდა და მოგვიანებით აღნიშნა კიდეც, რომ თავს ცოტათი ბილ ევანსად გრძნობდა, მადლობა გადაუხადა ედი გომესს თანამშრომლობისთვის და მასთან დაკვრის შესაძლებლობისთვის, ასევე დასძინა, რომ თბილისში გამოსვლა ძალიან სასიამოვნო, იმავდროულად კი საპასუხისმგებლოც იყო. მუსიკოსმა ეს სიტყვა ორჯერ გაიმეორა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმედ იდო მის მხრებზე, თუმცა მისი თითების სიმსუბუქისთვის ამას ხელი არ შეუშლია. პაპუნამ თავისი ტრიოს გამოსვლა თავისივე დაწერილი კომპოზიციით დაიწყო, შემდეგ ჩიკ კორეას „მიმართეს“, მოვისმინეთ კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო მელოდია, რომელიც ჯაზპიანისტმა თბილისს მიუძღვნა… პაპუნას გამოსვლა მაყურებელმა ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აღნიშნა, რასაც მუსიკოსი 100%-ით იმსახურებდა… თუმცა ყველაზე დიდი ოვაცია მოჰყვა მეგრულ ნანას, რომელიც მუსიკოსმა საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა…

რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ სცენა 4 „გრემის“ მფლობელმა სტენლი კლარკმა დაიკავა. მუსიკის მოყვარულებმა იციან, რომ მისი ახალი ბენდის შემადგენლობაშიც, სადაც, სტენლის გარდა, ოთხი შესანიშნავი მუსიკოსია თავმოყრილი, ისევ შედის ქართველი პიანისტი, ბექა გოჩიაშვილი. ბექასა და სტენლის წინა სტუმრობიდან, ასევე ჯაზფესტივალზე, გარკვეული პერიოდი გავიდა და ცალსახაა, რომ მან თავისი მენტორისგან, სტენლი კლარკისგან, თანამშრომლობის პერიოდში, ძალიან ბევრი რამ აითვისა, რისი დემონსტრირებაც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უხვად მოახდინა. კლარკის ამჟამინდელი პროგრამა, უბრალოდ, უნაკლოა… და უნაკლონი არიან ის მუსიკოსებიც, რომლებიც ახალ ბენდში გააერთიანა, თავად დიდ მუსიკოსზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლის ხელშიც კონტრაბასიც და ბასგიტარაც პლასტელინივით იძერწება და ნებისმიერ ბგერას გამოსცემს, რასაც მფლობელი უბრძანებს. კლარკი ძალიან დიდია, მაგრამ კულტურული მუსიკოსია, რომელიც თავის გვერდზე მდგომს პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომაც, ბექა გოჩიაშვილიც, შარიკ ტუკერიც (დრამი), შონ მაკკემბელი (კლავიში) და ავღანური წარმოშობის სალარ ნადერი (ტაბლა) გასაოცარ არტისტიზმსა და პროფესიონალიზმს აფრქვევდნენ და თითოეული ბგერის მიმართ დარბაზში მსხდომი მსმენელი განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო. დასამახსოვრებელი გამოდგა ბექა გოჩიაშვილის ბოლოსიტყვაც, სადაც მან მადლობა გადაუხადა პაპუნა შარიქაძეს და აღნიშნა, რომ საკუთარი გამოსვლებით ისინი ერთმანეთს ინსპირაციას აძლევენ… სტენლი კლარკმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ბექა გოჩიაშვილი საქართველოში ნაციონალური გმირია და საზღვრებს გარეთ თავის ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენს, რასაც შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ამგვარი დესპანები მართლაც ყველაზე კარგად აჩვენებენ მსოფლიოს, რა არის საქართველო…

მარინა ბერიძე, მუსიკალური პროდიუსერი:

ორივე, ბექაც და პპაუნაც, ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ძალიან საამაყოა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჯაზფესტივალის გაჩენის დროს დაიბადნენ, მისი 20 წლის იუბილეზე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა დაიკავეს. ეს არის ჯაზფესტივალის წარმატებაც, რომ არა „ისთერნ ფრომოუშენსი“, არ გვეყოლებოდა ორი არაჩვეულებრივი მუსიკოსი.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არ ჰგვანან ერთმანეთს, არ ჰგვანან არავის, აქვთ ინდივიდუალურობა, მაგრამ ორივეს აქვს ერთი რამ – რაღაც ქართული, თითებშიც, მუსიკაშიც, ენერგეტიკაშიც, ყველაფერში. ორივე კონცერტით კმაყოფილი ვარ.

მარიშკა ჯავახაძე, მსახიობი:

ბექა ჩემთვის აღმოჩენა არ ყოფილა, რადგან მის კონცერტებს ადრეც დავსწრებივარ. პაპუნას გამოსვლას კი პირველად დავესწარი და შოკში ვარ!.. ძალიან ვაფასებ, რომ ერთმანეთს გვერდში უდგანან. აღვფრთოვანდი ბექას ბოლო სიტყვებით, როცა მან აღნიშნა, რომ ის და პაპუნა ერთმანეთს ინსპირაციას აძლევენ… ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ვამაყობ. ვფიქრობ, სხვადასხვა სტილის მუსიკოსები არიან…

ზოგადად, ხარ ჯაზის მოყვარული?

დიახ, ოჯახიდან გამომდინარე, რადგან ამ ჟანრის მუსიკას ბავშვობიდან მასმენინებდნენ. გარდა ამისა, შეუძლებელია, ნიუ იორკში ცხოვრობდე ამდენი წელი და ჯაზი არ გიყვარდეს…

გიგი ვანდერი, პიანისტი:

ორივე არის უნიკალური ქართველი მუსიკოსი, როგორ ვისაუბრო ემოციებზე? მეამაყება და ყოველ მოსმენაზე ჩემი შემოქმედებისთვის წინსვლის მიზეზს მაძლევენ. რაც შეეხება ფესტივალს, ერთ-ერთი ნათელი წერტილია ჩვენს ქვეყანაში (იღიმის).

ჯაზფესტივალის ბოლო დღემდე იყო მსმენელის შეხვედრა „ივენთ ჰოლში“ საქსოფონისტ ჯო ლოვანოსთან, რომელმაც დარბაზში ძალიან ჯაზური და რთული მელოდიების კასკადი დააფინა… მანამდე ის კონსერვატორიას სტუმრობდა, სადაც კვარტეტის ფარგლებში ხანგრძლივი მასტერკლასი ჩაატარა და კიდევ ერთხელ აჩვენა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რატომ სცემენ პატივს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯო ლოვანოსთვის თბილისში სტუმრობა და აუდიტორიის წინაშე ძალიან საინტერესო გამოცდილება გამოდგა და აღნიშნა კიდეც, რომ საქართველოში არაჩვეულებრივი მსმენელი დახვდა. ჯაზფესტივალის პირველ დღეს ლეგენდარული ანსამბლის, „Tower Of Power“-ის ენერგიული და დინამიკური რიტმ ენდ ბლუზის შემდეგ, ჯო ლოვანოს გამოსვლამ ემოციებს სრულიად სხვა მიმართულება მისცა…

ჯაზფესტივალის მეოცე საიუბილეო გამოშვება ძალიან ჯაზური გამოდგა. ორგანიზატორებს ასეც ჰქონდათ ჩაფიქრებული. სამმა დღემ და ოთხმა კონცერტმა სრულად გაამართლა ფესტივალის სახელწოდება და ის, რისთვისაც ის შეიქმნა თავის დროზე… საინტერესოა, მუსიკოსების როგორ ჩამონათვალს და ჟანრობრივად რას შემოგვთავაზებს „ისთერნ ფრომოუშენსი“ შემდეგ შემოდგომას…

ნინო მურღულია

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები