LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეჯელავა: ჭიანჭველას კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში, მაინც გადახტა

158

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ეკა ხოფერიას გადაცემაში ზღაპრებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. მან ისიც გაამხილა რომ უყვარს „წუნა და წრუწუნა“, იმიტომ რომ არაფერს არ აშავებენ. ასევე, უყვარს მულტფილმი „ხელმარჯვე ოსტატი“.  ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ უყვარდა მულტფილმი „საზამთრო,“ სანამ გაიგებდა, რომ ის კომუნისტური პარტიის დაკვეთით შეიქმნა,  გლეხები რომ დაერწმუნებინათ ვაზის მოსავალთან შედარებით საზამთროს მოსავლის მომგებიანობაში.

მინისტრის კრიტიკა დაიმსახურა კიდევ ერთმა ზღაპრის პერსონაჟმა – ჭიანჭველამ. ჯეჯელავას თქმით, ჭიანჭველა არის „პიროვნება, რომელიც სულ შარში ეხვევა მთელი ცხოვრება და სულ რწყილის სათრევია“.

„ჭიანჭველა არის საინტერესო პერსონაჟი. პირველი შეკითხვა, რომელიც ჩნდება – რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან – მამამისი გადამხტარა? ან ხტომის უნარი აქვთ ფიზიოლოგიურად? მოკლედ, ეს არის მაგალითი პიროვნების, არსების, რომელმაც ზუსტად იცის, რომ არ შეუძლია და კიდებს ხელს. ანუ, არ იცის გადაცემის წაყვანა, მაგრამ მიჰყავს, არ იცის გადაღება, მაგრამ იღებს, არ იცის სწავლება, მაგრამ ასწავლის. პირველ რიგში ამას ვერჩი და ეს არ მომწონს. მეორე – ჩავარდა, ლოგიკურიც არის, აზრზე არ იყო და ჩავარდებოდა, ანუ კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში. ამ მომენტიდან ზღაპრის ბოლომდე ჭიანჭველა რას აკეთებს? არაფერს არ აკეთებს. არც ცდილობს ამოსვლას. ხტომა თუ არ იცის ამოხოხება ხო იცის?! ამოხოხდეს, ან სცადოს. ეს არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვა თავისი არაკომპეტენტურობით,  თავისი უნიჭობით და მერე მისი პრობლემა აღარ არის. სესხი აიღო ვეღარ იხდის და მისი პრობლემა აღარ არის, სამსახურში რაღაც დააშავა და მისი პრობლემა აღარ არის. ანუ ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელმაც ითავა ისეთი რაღაცა, რისი თავიც არ ჰქონდა.

და რწყილი? რწყილი ეგრევე რომ იწყებს მოქმედებას ხომ შეამჩნიეთ?! ჭიანჭველა პირველად არ გახვეულა შარში, თორემ რწყილმა საიდან იცის ეგრევე, ასეთი მომზადებული საიდანაა? საქმე ისაა, რომ ეს ჭიანჭველა სულ შარში ეხვევა მთელი ცხოვრება და სულ რწყილის სათრევია.

კიდევ ერთი რაღაც რაც არ მომწონს, რწყილს ნამდვილად არ ვერჩი, ძალიან დადებითი გმირია. ერთადერთი – რწყილს რომ ეთქვა ჭიანჭველასთვის, „ამოდი, იქნება შენით ამოხვიდე, სცადე, აბა მიდი“, – ეგ არ უთქვამს.

ასევე, ტყეში რა ხდება ის არ მომწონს. უფასოდ არავინ არავის ეხმარება. აღებ-მიცემობა ხდება ტყეში. სოციალური პასუხისმგბელობის ნაკლებობაა, არავინ ეხმარება უფასოდ. ეს რას გვასწავლის იცით? შენთან რომ ვიღაც მოვა და დახმარებას გთხოვს,  შენ ამ ლოგიკით უნდა უთხრა -„მე რა ხეირი?!“, ეს არის ანგარების ამბავი,“ – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ზღაპრებსა და მულტფილმებში კიდევ ერთი საკითხი რაც განათლების მინისტრს არ მოსწონს ესაა პრინცესები პრინცს რომ ელოდებიან პრობლემის მოგვარებაში.

„პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამ შევამჩნიე საერთო, ყველა პრინცესა ელოდება ვიღაც კაცს, რომელმაც უნდა უშველოს და საკუთარ თავს რატომ არ შეუძლია, რომ უშველოს?!  მგონია, რომ ეს ამბები გოგონებს შეიძლება არწმუნებდეს, რომ შენ აუცილებლად კაცმა უნდა გიშველოს და მოგიგვაროს რაღაცები, გენდერის პრობლემებია,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები