LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

39

სამართალდამცველებმა ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა – ვ.ბ.-მ შეიტყო, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხა – ათეულობით ათასი ლარი სამსახურებრივი ავტომობილით უნდა გადაეტანა და თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში ჩაებარებინა. ვ.ბ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს.

“ბრალდებულებმა განზრახვის აღსრულება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაგეგმეს, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთივე წევრი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს,”-აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები