LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯიან ეარვეისი: ქართული ავიაცია განადგურების პირასაა

173

„ჯორჯიან ეარვეისი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კომპანიას არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში უწევს მუშაობა.

ავიაკომპანია მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კონკურენციის სამართლიანი პირობები, დაიცვას ეროვნული ავიაცია განადგურებისგან.

„ჯორჯიან ეარვეისი“ აცხადებს, რომ უცხოურ კომპანიებს საკუთარი ქვეყნებიდანაც მხარდაჭერა აქვთ და საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებენ, რაც მათ დემპინგური ფასებით ოპერირების საშუალებას აძლევს.

“მოგეხსენებათ რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფრინავს და არაერთი ქართველი მფრინავი თუ ავიასპეციალისტი აღზარდა და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. როდესაც ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობენ ისეთი მონსტრი ავიაკომპანიები როგორებიცაა „აეროფლოტი“, „თურქიშ ეარლაინსი“ და ა.შ. და ისინი სწორედ,მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ დემპინგური ფასებით ოპერირებას, ჩვენ მუდმივად გვიხდება მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. უფრ მეტიც, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს.

გვსურს შევახსენოთ მათ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ არის ქართული ავიაკომპანია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში ასობით მილიონი ლარი აქვს შეტანილი საქართველოს ბიუჯეტში და ამჟამად, ხუთასზე მეტი კვალიფიციური კადრი ჰყავს დასაქმებული. ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში კი ქართული ავიაცია უფრო სწრაფად განვითარდება და მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, „ჯორჯიან ეარვეისი“ კვლავ აგრძელებს ფრენებს ვენის, ამსტერდამის, მოსკოვის, თელ-ავივის მიმართულებით და ამავდროულად, ჩვენი მგზავრების მოთხოვნის საფუძველზე ვამატებთ ახალ მიმართულებებს: ლონდონს, კიევს, პრაღას, პარიზს, ყაზანს და სოჭს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ავიაცია შენარჩუნდეს და საბოლოოდ არ განადგურდეს”, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.