მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ „ოსკაროსანმა“ ჯულია რობერტსმა ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა, მაგრამ ძველებურად ფანტასტიურად გამოიყურება და კარიერასაც წარმატებით აგრძელებს. გთავაზობთ არაჩვეულებრივი მსახიობის რვა საუკეთესო ფილმს.
„ფოლადის მაგნოლიები“ (Steel Magnolias, 1989) – კომედიურმა მელოდრამამ ამერიკის პატარა ქალაქის ბინადარ ექვს მეგობარზე, რომლებიც ერთმანეთს მხარდაჭერით ცდილობენ ცხოვრებიეული სირთულეების დაძლევას, ჯულია რობერტსს „ოქროს გლობუსის“ პირველი პრემია და „ოსკარის“ ნომინაცია მოუტანა.
„ლამაზმანი“ (Pretty Woman, 1990) – მართალია, თავიდან ფილმის პროდიუსერებმა ვივიან უორდის განსახიერება მეგ რაიანს შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ როლი ჯულია რობერტსს ერგო, რომელიც მეორედ გახდა „ოსკარის“ პრემიის ნომინანტი.
„დედინაცვალი“ (Stepmom, 1998) – კრის კოლამბუსის მელოდრამა ორი ქალის რთულ ურთიერთობას მიეძღვნა, რომელთაგან ერთი-ერთს – მძიმე სენით დაავადებულ და სიკვდილისთვის განწირულ ჯეკის შვილები არ ეთმობა, მაშინ როცა მისი კონკურენტი – ახალგაზრდა იზაბელი ყველანაირად ცდილობს მისი ადგილის დაკავებას, ყოფილი მეუღლისა და შვილების სიყვარულის დამსახურებას.
„გაქცეული პატარძალი“ (Runaway Bride, 1999) – მეგი კარპენტერის ისტორია, რომელმაც ჯვრისწერისას საქმროების მიტოვებით გაითქვა სახელი, მელოდრამების მოყვარულთა მოწონება დაიმსახურა და არნახული პოპულარობა მოუტანა ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის დუეტს.
„ნოთინგ-ჰილი“ (Notting Hill, 1999) ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანის რომანტიკული ისტორია, ფილმის რეჟისორმა როჯერ მიტჩელმა, მაყურებელს ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული რაონის ნოთინგ-ჰილის ბუნებრივი დეკორაციების ფონზე შესთავაზა.
„მონა ლიზას ღიმილი“ (Mona Lisa Smile, 2003) – რესპექტაბელური კოლეჯის ახალგაზრდა პედაგოგი არა მხოლოდ ხელოვნების ისტორიას, არამედ საკუთარი უფლებების დაცვას ასწავლის მოზარდ გოგონებს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ზედმეტად კონსერვატორულ საზოგადოებაში. სხვათაშორის, კეტრინ ენნ უოტსონის როლისთვის რობერტსმა 25 მლნ. დოლარი მიიღო და ერთგავრი რეკორდი დაამყარა ჰოლივუდის ქალბატონებს შორის.
„სიახლოვე“ (Closer, 2004) – ახალბედა მწერლის დენის და მისი რჩეულის – ელისის, ფოტოგრაფ ანნას და მისი პარტნიორის ლარის გზები შემთხვევით იკვეთება. თუმცა, წყვილები, რომლებიც ბოლომდე ვერ გარკვეულან საკუთარ გრძნობებში, მეტად უცნაურ ურთიერთობაში ებმებიან.
„ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“ (Eat, Pray, Love, 2010) – ელიზაბეტ გილბერტის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაციაში, საყვარელ მამაკაცთან დაშორების შემდეგ, საკუთარი თავის ძიებით გატაცებული მთავარი პერსონაჟი ხანგრძლივ მოგზაურობას აწყობს და ნამდვილ სიყვარულსაც პოულობს.