LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ძველი ავტომობილების აკრძალვას აანონსებს

70

„აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი მანქანების შემოყვანა,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მერმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგისა და შეფასების კონფერენციაზე საქართველოში ჰაერის დაბინძურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება თბილისშია.

კახა კალაძის თქმით, პრობლემას ქმნის როგორც ძველი ავტობუსების პარკი, რომელსაც ყველა რესურსი ამოწურული აქვს, ასევე მუდმივად მზარდი მანქანების რაოდენობა, რომელთა უმეტესობა ძველია.

„ყოველწლიურად ქვეყანაში შემოსული მანქანების რაოდენობა 7%-ით იზრდება. ამ მანქანების 99% ძველია. პრობლემას, რა თქმა უნდა, ქმნის ყვითელი ავტობუსებიც, რომლებსაც აუცილებლად სრულად ჩავანაცვლებთ ჩემი მერობის პერიოდში. თუმცა, მთავარი პრობლემაა ძველი ავტომობილები თბილისში, რომელთა შემოყვანას ამ ეტაპზე არ ვაკონტროლებთ. აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი მანქანების შემოყვანა,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას „ჩემი ქალაქი მკლავს“ და განაცხადა, რომ ეს კამპანია ღია კარის მტვრევას ჰგავს, რადგან დედაქალაქის მთავრობას უკვე დაანონსებული აქვს ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები