LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: გენ.გეგმას არსებული სახით ვერ მივიღებთ

95

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

მერის განცხადებით, “სითი ინსტიტუტის” მიერ შემუშავებული გეგმიდან 5 ნაწილი მისაღებია, საბოლოო ეტაპი კი დასამუშავებელი. შესაბამისად, ამ სახით გენ.გეგმის მიღება ვერ მოხდება.

მისივე თქმით, გენ.გეგმის დასრულებაში ჯგუფს მერიის ყველა სამსახური დაეხმარება.

„სითი ინსტიტუტს“ გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განესაზღვრა.

“ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან, დოკუმენტის სრულყოფის  მიზნით “სითი ინსტიტუტთან” ინტენსიურად ვმუშაობ.

შეფასებისა და ანალიზის პროცესში, ჩვენ ჩავრთეთ სხვადასხვა დარგის საერთაშორისო ექსპერტები. შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით, წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება.

გენ.გეგმის პირველი ხუთი ეტაპი ჩვენთვის მისაღებია. მთავარია, გეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის თითოეული მცხოვრების მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული.

ჩვენ ვასრულებთ ამასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკას და განხილვას. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული.

იქიდან გამომდინარე, რომ თბილისისთვის გენ.გეგმის არსებობა უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ გადაწყვეტილება, “სითი ინსტიტუტს” თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ.

მერიის ყველა სამსახური დაუდგება მათ გვერდში, რომ ჯგუფმა წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ სტადიაპროექტი“; მგგ საბოლოო პროექტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები