LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა

44

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა  კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა. როგორც “ფორტუნას”  ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შედგება შეხვედრა კომპანია ,, სოკარის“ პრეზიდენტთან  როვნაგ აბდულაევთან. შეხვედრაზე დაგეგმილია მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივების განხილვა.

“სოკარიმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მზადაა საქართველოსთვის მოწოდებული გაზის მოცულობა გაზარდოს. ასევე, აზერბაიჯანმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს ბაზარზე გაზზე არსებული პიკური დეფიციტი სრულად დააკმაყოფილოს და საქართველოში წარმოქმნილი დეფიციტი სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან შეავსოს. ამის შესახებ კომპანია „სოკარმა“  „შაჰ-დენიზის მილსადენის კონსორციუმთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია. მიღწეული შეთანხმების შედეგად, ზამთრის განმავლობაში საქართველოსთვის მიწოდებული გაზის მოცულობა სამხრეთ კავკასიური მილსადენით  50 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება.

საქართველოს აზერბაიჯანთან ორი მილსადენი აკავშირებს. სამხრეთ კავკასიური მილსადენი, საიდანაც საქართველო შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებულ, ტრანზიტის საფასურის სახით მისთვის კუთვნილ  გაზს იღებს და ყარადაღ-თბილისი, რომლითაც ხორციელდება კომპანია “სოკარის”  კუთვნილი გაზის იმპორტი.

„სოკარი“ სამხრეთ კავკასიური მილსადენის კომერციული ოპერატორია. აქამდე არსებული პირობებით, სამხრეთ კავკასიური მილსადენით საქართველო ზამთარ-ზაფხულ თანაბარი მოცულობის გაზს იღებდა, რაც ზამთარში დეფიციტს ქმნიდა, ზაფხულში კი ზედმეტობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები