LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძეს ორი გზა აქვს – გია ხუხაშვილი

კახა კალაძის მიერ ოპოზიციონერ კანდიდატებთან შეთავაზებულ თანამშრომლობას და, თავის მხრივ, გიორგი ვაშაძის, ალეკო ელისაშვილის, კახა კუკავას და თენგიზ შერგელაშვილის მიერ გამოთქმულ მზაობას აღნიშნულ შეთავაზებაზე, ექპერტი, გია ხუხაშვილი, „პოლიტიკურ რიტორიკად“ აფასებს. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის „ფორმალური“ თანამშრომლობის გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ეს შემთხვევა იქნება ეფექტიანი. ის ალეკო ელისაშვილის მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური პარტიის სამომავლო პროგნოზებზეც საუბრობს.

 

  • რამდენად რეალურია კახა კალაძის მიერ ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის თანამშრომლობის შეთავაზება? 

 

გია ხუხაშვილი: ეს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა და არანაირი შინაარსი ამის უკან არ დგას. ასეთი რევერანსები ჩვენ ადრეც გვსმენია, მაგრამ რეალური თანამშრომლობა არ გვინახავს. ეს არის მშვიდობის მტრედის მანტიით შემოსვა და გარკვეული პაუზის აღება იმისთვის, რომ კახა კალაძე ქარ-ცეცხლში არ აღმოჩნდეს და საკუთარი თავის პოზიტიური პოზიციონირება მოახდინოს. მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ რეალურად რაიმე სახით თანამშრომლობა შედგება.

 

  • როგორ შეაფასებთ ოპოზიციონერი მერობის კანდიდატების თანხმობას შეთავაზებულ თანამშრომლობაზე?

გია ხუხაშვილი:  შეთავაზება იყო ცალსახა, პირდაპირ გეტყვით. მე არ მგონია, კალაძე ვინმესთან რეალურად აპირებდეს თანამშრომლობას. თუ ვინმე ამ შეთავაზებაზე სერიოზულად ფიქრობს და რამეს აპირებს, ეს მათი პრობლემაა.

 

ეს არის მშვიდობის მტრედის მანტიით შემოსვა და გარკვეული პაუზის აღება იმისთვის, რომ კახა კალაძე ქარ-ცეცხლში არ აღმოჩნდეს.   

 

  • იქნება თუ არა კახა კალაძე ახალი ტიპის მერი, დამოუკიდებელი მოთამაშე?

გია ხუხაშვილი: ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია ამაზე საუბარი. კახა კალაძე გზაგასაყარზე დგას და, შესაბამისად, ორი გზა აქვს: ერთი, რომ ის გაიზარდოს, როგორც ლიდერი და ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს, მეორე – როგორც მის საფეხბურთო კარიერაში იყო, საკუთარ კარში გაიტანოს ორი გოლი. ყველა ადამიანს აქვს თავისი შანსი. როგორ გამოიყენებს კახა კალაძე თავის შანსს, მე არ ვიცი და ვერაფერს გეტყვით. იქიდან გამომდინარე, თუ ქვეყანასა და დედაქალაქში ყველაფერი კარგად იქნება, ამ სიკეთით ვისარგებლებ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ის იყოს წარმატებული. ამას რამდენად მოახერხებს, დრო გვაჩვენებს.

 

კახა კალაძეს ორი გზა აქვს: ერთი, რომ ის გაიზარდოს, როგორც ლიდერი და ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს, მეორე – როგორც მის საფეხბურთო კარიერაში იყო, საკუთარ კარში გაიტანოს ორი გოლი.

  • ბატონო გია, როგორ სამომავლო პროგნოზს გაუკეთებთ ალეკო ელისაშვილის მიერ დაანონსებული პარტიის შექმნას?

გია ხუხაშვილი: ეს ძალიან ბუნდოვანი საკითხია. მე არ მგონია, რომ ალეკო ელისაშვილი სისტემური პოლიტიკური მოქმედებებისთვის არის მზად. შესაბამისად, ამ საკითხს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ.

 

თათია კაკიაშვილი

პოპულალურები