LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა ვაჭარაძის რეკომენდაციები: როგორც ამოვიცნოთ ფილტვების ანთება და ტუბერკულოზი

12339

გადაცემას „სტუმრად ექიმთან” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამიერკავკასიის  ექიმთა ლიგისა და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი კახა ვაჭარაძე ესტუმრა. ცნობილმა ექიმმა ვრცლად ისაუბრა ვირუსული ინფექციების გართულების რისკებზე, ფილტვების ანთების ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებზე, ანტივირუსულ პრეპარატებზე, აცრების აუცილებლობასა და ტუბერკულოზზე.

დავიწყოთ ფილტვების ანთებით, ამ მიზეზით პაციენტები ყველაზე ხშირად მოგმართავენ. რა სიმპტომების შემთხვევაში არ უნდა გადადოს ადამიანმა ექიმთან ვიზიტი?

როგორც ექიმმა, მინდა სრულიად საქართველოს ჯანმრთელობა ვუსურვო. ყოველი მესამე პაციენტი რომელიც ჩვენთან მოდის, არის რესპირაციული პათოლოგიით დაავადებული. პაციენტების უმეტესება თვითმკურნალობით არის დაკავებული, ან არაეფექტური მკურნალობა აქვს ჩატარებული. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს ვურჩევ, პირველივე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში მიმართოს სპეციალისტს. ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია გვიან მომართვიანობა, ან მკურნალობაზე უარის თქმა. მიზეზი არის ის, რომ რესპირაციული დაავადების არსებობის შემთხვევაში პაციენტს არაფერი სტკივა. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაფერი იწყება ხმის ჩახლეჩვით, ცხვირიდან გამონადენით, მსტვინავი ხასიათის სუნთქვით, ხველით. ხველა შეიძლება იყოს როგორც ნახველით, ისე მის გარეშე და რიგ შემთხვევაში ვითარდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ხშირად ვირუსული ინფექცია ტრანსფორმაციას განიცდის ბაქტერიულ ფლორაში და ვიღებთ ბაქტერიულ პნევმონიას, ანუ ფილტვების ანთებას. ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, როგორც ჩვენ მოვიხსენიებთ, წელიწადში 500 000-მდე ადამიანს იწირავს.

მას შემდეგ, რაც პაციენტს მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნება, როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

ხშირად ადამიანები ამბობენ, დავიცადოთ, დავაკვირდეთ. მაგალითად შარშან, ვირუსული ინფექციების რაოდენობა 100 000  მოსახლეზე არ იყო მაღალი, მაგრამ ძალიან აგრესიულად მიმდინარეობდა და უფრო მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე შარშანწინ გავრცელებულმა ვირუსმა, რომელიც ადამიანების უფრო მეტ რაოდენობას აღენიშნებოდა, მაგრამ არ იყო აგრესიული ფორმის. ჩემთან მოდიან პაციენტები და ამბობენ, რომ დაიწყეს ანტიბიოტიკების მიღება, რაც დაუშვებელია, რადგან ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, სამი დღის შემდეგ კი სხვა, უფრო დაბალი დონის ანტიბიოტიკის მიღება განაგრძეს და მან იმოქმედა, რეალურად შედეგი კი არ მიიღეს, უბრალოდ ვირუსმა გაიარა აგრესიული ფაზა და დაემთხვა მედიკამეტის შეცვლას. ამ დროს შეიძლება ორგანიზმში განვითარდეს რეზისტენტობა ანტიბიოტიკის მიმართ, რაც ყველაზე საშიშია და მაშინ, როდესაც ნამდვილად საჭირო იქნება ანტიბიოტიკის მიღება, შესაძლოა ორგანიზმმა ვეღარ მიიღოს ანტიბიოტიკი და განვითარდეს მონო, მულტი, პოლი და ზემდგრადი რეზისტენტული შტამები.

ყოფით ცხოვრებაში გვსმენია ტერმინი უსიცხო ფილტვების ანთება, რას ნიშნავს ეს?

ეს არ არის სამედიცინო ტერმინი, ისევე როგორც ფეხზე გადატანილი ფილტვების ანთება, ან ჩუმი ანთება. რეალურად პნევმონია შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ განვითარდეს. თუმცა, საერთო სისუსტის, მოდუნების და სხვა სიმპტომების გარეშე. აუცილებელია რენდგენო-რადიოლოგიური კვლევა და ”აუსკულტაციური ფენომენი”, ანუ მოსმენა. უნდა გვესმოდეს წვრილ ბუშტუკოვანი, საშუალო ან მსხვილ ბუშტუკოვანი ხიხინი, პნევმონიისათვის დამახასიათებელი მოსმენის წერტილები ფილტვის ქვედა ველია. ჩვენი ექიმები განსაკუთრებით კარგად არიან მოსმენაში დახელოვნებულნი, რადგან დღეში 30-50 პაციენტს ნახულობენ.

დღეს ძალიან მოდურია ე.წ. ანტივირუსული საშუალებები, გაციების საწინააღმდეგო ჩაი ან ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება, რატომ ვნებს ისინი ადამიანს, ან რამდენად კარგად მოქმდებს?

თუ ჩვენ შევეხებით გაციების პირველ სიმპტომებს, რასაკვირველია სჯობს ბუნებრივ მეთოდებს მივმართოთ. ეს არის ჩაი, რძე, მინერალური წყლები, ციტრუსები და ა.შ. თუ ვხედავთ, რომ 2-3 დღის შემდეგ შედეგი არ გვაქვს, პაციენტი მძიმდება და არის ადინამიური, გამოხატულია სუნთქვის უკმარისობა, რაც ამ დროს ყველაზე საშიშია, უნდა მიმართოს ექიმს. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის დროულად დაწყება. ყველა ანტიბიოტიკს თავისი ადგილი აქვს და მას მხოლოდ მაღალი დონის ექიმი განსაზღვრავს.

აფთიაქებში მრავლად გთავაზობენ ამოსახველებელ საშუალებებს, მოქმედებს თუ არა ეს სიროფები და რამდენად სწორია პირდაპირ აფთიაქში მისვლა?

იმისათვის, რომ პროცესი კარგად გავიაზროთ, უნდა ვიცოდეთ რა არის ხველა – ეს არის დამცველობითი მექანიზმი რომელიც მიმართულია ტრაქიობრონქიალური ხის გამავლობის აღდგენისკენ და აღმოჩნდა, რომ ხველა არის ბიძგისებური ამოსუნთქვა და მიმართულია იმისაკენ, რომ დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა უცხო სხეულისგან. ხველა იყოფა სამ ნაწილად, ეს არის მწვავე ხველა, როდესაც პაციენტი 3-4 კვირის განმავლობაში ახველებს, არის ქვემწვავე ხველა, როდესაც პაციეტს  ხველება უგრძელდება 4-8 კვირის განმავლობაში, ხოლო თუ ხველა რვა კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ის მიიჩნევა ქრონიკულად. თითოეულ ხველას თავისი დაავადებების ჩამონათვალი აქვს. მაგალითად, ვირუსული ინფექცია და პნევმონია შედის მწვავე ხველების გრაფაში და ა.შ. რაც შეეხება ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს, არცერთ წამალს არ აქვს მითითებული, რომელი მათგანია განკუთვნილი მშრალი, შერეული და პროდუქტიული ხველისთვის. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილეს წარმოადგენს ხველის საწინააღმდეგო პრეოპარატების გამოყენება მშრალი ხველის დროს. ამ დროს მათ შემადგენლობაში ხშირად გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ხურავენ ცეტრალური ხველის ან პერიფერიული ხველის ცენტრს და პაციენტი გაუმჯობესების ნაცვლად რთულდება.

ხშირად ხველის დროს მოვიხმართ ჰორმონალურ პრეპარატებს, რეალურად რამდენად მავნეა?

დღეს მსოფლიშო ორ მილიონამდე ადამიანი ტუბერკულიოზით იღუპება. ტუბერკულიოზის ბაქტერიაგამომყოფი ფორმით დაავადებული პაციენტი წელიწადში 15 ჯანმრთელ ადამიანს ასნებოვნებს. არსებობს ტუბერკუიოზით ინფიცირება და მანტუს სინჯით დადებითი. ინფიცირებული პაციენტი არ ნიშნავს დაავადებულ პაციენტს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინფიცირებული მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანია. მათგან აქტიური ტუბერკულიოზით ავადდება 7-10%-მდე ადამიანი. მსოფლიოში ყოველ ათ წამში ტუბერკუიოზით ერთი ადამიანი იღუპება და ყოველ ხუთ წამში ერთი ადამიანი ავადდება. საქართველო არ შედის ძალიან მაღალი რისკის ქვეყნებში, თუმცა, საყურადღებო ქვეყნების ჩამონათვალში ნამდვილად ვართ. შარშან ჩვენ გამოვედით 27 ტუბერკულიოზის მძიმე ხვედრის მქონე დაავადებული ქვეყნის რიგებიდან, ეს კარგია, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ. დღეს ე.წ. რეზისტენტული შტამები მატულობს და ამისი მიზეზები გახლავთ ექიმის დანიშნულების შეწყვეტა,  ან არშესრულება, პაციენტის, ან ექიმის მიერ არასწორად ჩატარებული მკურნალობა და უხარისხო მედიკამენტები. სწორედ ამ სამ მიზეზზე დგას რეზისტენტობა. რაც შეეხება ჰორმონების გამოყენებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოდის საინჰალაციო ჰორმონები, რომლებიც სისხლში არ გადადის, ან თუ გადადის ძალიან დაბალი პროცენტით, ეს არის სელექტიური ჰორმონები, რომლებიც არ მოქმედებენ ზრდაზე, ძვალ–სახსროვან სისტემაზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე. დავაკონკრეტებ, საუბარია საინჰალაციო საშუალებებზე და მათი გამოყენება საშიში არ არის. ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას, მაგალითად ორ წლამდე პატარებში არ შეიძლება ბავშვს მისცე ექსპექტორანტი, ანუ ამოსახველებელი საშუალება, რადგან ბავშვს არ აქვს ამოხველების რეფლექსი. რომელ მედიკამენტს მიიღებს პაციენტი ხველისას, მხოლოდ ექიმის გადასაწყვეტია. მშრალი ხველისას თუ პაციენტი მიიღებს ამოსახველებელ საშუალებას, ხველა კიდევ უფრო დამძიმდება, როდესაც არის პროდუქტიული ხველა და პაციენტი მიიღებს ხველის შემაჩერებელს, ნახველი რჩება ტრაქეობრონქიალურ ხეში და დგება ე.წ. ასპირაციული პნევმონიების განვითარების საშიშროება.

რა სიმპტომები აქვს ტუბერკულიოზს?

საქართველოში ტუბერკულიოზზე საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირება მკურნალობა, პრევენცია და ქირურგიული ჩარევაც კი უფასოა. საქართველოს ყველა რეგიონში არის ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერი და ყველა მათგანში მკურნალობა ერთი სქემით, მსოფლიოს სტანდარტების მიხედვით ხდება. სიმპტომები არის საერთო სისუსტე, ხველა, ძალიან ჰგავს ვირუსს, გაციებას ან პნევმონიას. ხველის დროს აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც თავშეყრის ადგილებში ახალგაზრდებს ვხედავ ნიღბებით, ეს მაღალი ინტელექტის მაჩვენებლია. ხუთწუთიანი საუბრის, ერთი ხველის ან დაცემინების დროს 300 000-დან 1 500 000-მდე ბაქტერია გამოიყოფა. ამიტომაც ვრცელდება ეპიდემია ასე მარტივად. რაც შეეხება ანტივირუსულ აცრებს, ის ისეთივე აუცილებელია, როგორც გეგმიური აცრა. სხვადასხვა პათოლოგიის მატარებელი პაციენტისთვის გრიპის აცრა აუცილებელია. მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, რომლებიც მაღალი რისკით მოავადეები არიან და აქვთ ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, ჩაიტარონ პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

რას იტყვით ხალხურ მედიცინაზე, აქვს თუ არა შედეგი?

ეს არის ის, საიდანაც ჩვენ მოვდივართ. ვისაც წარსული არ ახსოვს, მას არც მომავალი აქვს. რაც უფრო გამოცდილია ექიმი, ის უფრო მეტად უბრუნდება წარსულს. წამალი ფასდება იმით, რამდენად უსაფრთხოა. მთავარია უსაფრთხოება და ეფექტურობა. თუ ხალხური მედიცინა სწორ დოზირებეშია გამოყენებული, ის სასარგებლოა.

მსმენელი: – ადამიანს, რომელსაც აქვს სუსტი იმუნიტეტი და ნებისმიერი გაციება გადასდის ფილტვების ან ბრონხების ანთებაში, რა რეკომენდაციებს მოგვცემდით?

საზოგადოება ძალიან კარგად ერკვევა მედიცინაში. რაც შეეხება დაბალ იმუნინეტს, ეს ძალიან პოპულარული თემაა და ბაზარი სავსეა იმუნოსტიმულატორებითა და იმუნომოტულატორებით. საქართველო საბედნიეროდ მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით. ამიტომ, მე მოვუწოდებ მსმენელს, ამდენი წვეთების, აბების სხვადასხვა სიროფის ყლაპვას, მიიღეთ ნატურალური პროდუქტი, მაგალითად მსხალი, ვაშლი კივი და ა.შ. რაც შეეხება იმუნოსტიმულატორებისა და იმუნომოტულატორების გამოყენებას, აქ სიფრთხილეა საჭირო, გასათვალისიწნებელია ასაკი, გვერდითი მოვლენები, ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების გატაცება მედიკამეტოზური თერაპიით, ჩემი აზრით არ არის მართებული. მნიშვნელოვანია გაკაჟებაც – სირბილი, ვარჯიში, ცურვა, თხილამურები და პირდაპირ მინდა თქვენი საშუალებით პოპულარიზაცია გავუწიო ჩვენი ქვეყნის კურორტებს. იმუნიტეტის გასააქტიურებლად ხშირად პაციენტები იმ პრეპარატებს იღებენ, რომელიც პირიქით, თრგუნავს იმუნიტეტს, მაგალითად ანტიბიოტიკი. რაც შეეხება მსმენელის შეკითხვა, რომ გაციება ხშირად გადადის ფილტვების ანთებაში. წარმოუდგენელია, თვეში ერთხელ, ან სამ თვეში ერთხელ პაციენტს ჰქონდეს ფილტვების ანთება. აქ მიზეზი სხვა რამ არის. დასადგენია, ხომ არ არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქოექტაზიური დაავადება, ან ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთ პაცინტებს ხიხინი ფიზიოლოგიურად ახასიათებთ. გამოსავალი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, მინიმალურად უნდა გავხდეთ ავად, რაც ძალიან რთულია.

მსმენელი: – რატომ ამბობენ ადამიანები, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა საშიშია და იწვევს გართულებებს…

არ არსებობს ბუნებაში ისეთი ვაქცინა, რომელიც ყველა ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუმცა, იმ ვაქცინების შტამებზე, რომლებზეც გვაქვს საშუალება თავი დავიცვათ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ. წარმოდგინეთ, მივდივართ ომში და გვაცვია ჯავშანჟილეტი, გარანტია არ გვაქვს, რომ გადავრჩებით, მაგრამ გვაქვს დიდი შანსი იმისა, რომ გადავრჩებით. თუ დამისახელებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც არ აქვს გართულება? განა ის გართულება ნაკლებია რომელსაც ვირუსი იწვევს? წელიწადში 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა ვირუსის მიერ გამოწვეული ეპიდემია. პნევმოკოკის ვაქცინის გაკეთებისას ასევე არ არსებობს 100%-იანი გარანტია, თუმცა, ძალიან მაღალია გადარჩენის შანსი, რადგან სწორედ მის წინააღმდეგ არის შექმნილი ვაქცინა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები